სტატიები

ერგნეთის ბაზრის ტერიტორია გორელმა ბიზნესმენმა იყიდა – აღდგება თუ არა ბაზარი 20 წლის შემდეგ

ერგნეთის ბაზრის აღდგენის დაპირება იყო ერთ-ერთი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე, წინასაარჩევნოდ აქტიურად აჟღერებდა. ამ დაპირებიდან 11 წლის შემდეგ, ბაზრის ტერიტორია გაიყიდა. 

34 869 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი შპს “ყაზბეგი ჰილსმა” სახელმწიფოსგან მიზერულ ფასად, კვადრატული მეტრი 99 თეთრად შეიძინა. აღნიშნული კომპანია გორელ ბიზნესმენ, გიორგი ჯალაბაძეს ეკუთვნის, რომელიც  “ქართული ოცნების” შემწირველია და გორის მუნიციპალიტეტში არაერთ ობიექტსა და მიწის ნაკვეთს ფლობს. 

ჯალაბაძემ აღნიშნული ტერიტორია მიმდინარე წლის ივლისში დაირეგისტრირა. 

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გიორგი ჯალაბაძეს გაუფორმეს, ბაზრის ტერიტორიაზე სამი წლის განმავლობაში კომერციული ფართები და 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა აშენდეს. საინვესტიციო თანხა ჯამში 6 000 000 ლარს შეადგენს. 

როგორც ირკვევა “ქართულმა ოცნებამ” ბაზრის ტერიტორია ისე გაასხვისა, რომ ადგილობრივებისთვის არაფერი უკითხავს. 

“ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს, მაგრამ გავიგეთ, რომ გაიყიდა და შეიძლება აღდგეს ბაზრობაო”. 

“თუ ყველაფერი კანონიერად და წესიერად მოხდება, კარგი იქნება, მაგრამ ადრე როგორც იყო, რომ კონტრაბანდა შემოჰქონდათ, მაგან რა სარგებელი უნდა მოგვიტანოს, არ ვიცი”,–   ამბობენ ადგილობრივები. 

ერგნეთის მოსახლეობაში არიან ისეთებიც, ვინც თავის დროზე ბაზრის გაუქმებას აპროტესტბდა და მიაჩნია, რომ ბაზრის აღდგენა და ეკონომიკური ურთიერთიერთობები კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს. 

“კონტრაბანდა ყოველთვის იყო და იქნება, ახლა აღარ არის?! რატომ უნდა ვჭამოთ და ვხოცოთ ერთმანეთი. ძალიან კარგი იქნება, თუ აღდგება”, – ამბობს ერგნეთელების ნაწილი. 

ერგნეთის ბაზრობა წინა ხელისუფლების დროს, 2004 წელს დახურეს. მიზეზი კონტრაბანდა იყო, რომელიც აღნიშნული ბაზრის მეშვეობით საქართველოში შემოჰქონდათ. 

ჯერჯერებით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები და გაიხსნება თუ არა ბაზარი პირვანდელი სახით, რადგან ბიზნესმენი მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.