სტატიები

რა გაკეთდა “ახალბაღში” – მგფ ამბობს, რომ სამუშაოები მალე დასრულდება (ფოტოები)

გორში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია სრულდება, – აცხადებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. 

მგფ “ახალბაღში” სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2021 წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.  სამუშაოების დასრულების ვადების რამდენჯერმე შეცვლის მიუხედავად, მუნიციპალური ფონდი ამბობს, რომ ამ დროისთვისაც პარკის ტერიტორიაზე გარკვეული სახის სამუშაოები კვლავ დასასრულებელია. 

“პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე ახალი საფეხმავლო ბილიკების, ფანჩატურებისა და სპორტული ზონის მოწყობა. ასევე, დასრულებულია არსებული ხელოვნური ტბის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული 2 შადრევნის, პარკის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მათ შორის, საზოგადოებრივი საპირფარეშო და სივრცეები ღია კაფეებისთვის. მოეწყო ახალი საინჟინრო ქსელი, რაც მოიცავს, როგორც საკანალიზაციო, ისე წყალსადენის და საირიგაციო ავტომატიზებულ სისტემებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა”, – ამბობენ მუნიციპალურ ფონდში. 

ამ ეტაპზე პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები. ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები. 

“შეიქმნება ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც განახლებულ პარკს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე, მთელი ქალაქის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის”, – მუნიციპალური ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ პარკის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულების თარიღად, ბოლოს 15 ოქტომბერი დასახელდა, თუმცა დღეს უკვე პირველი ნოემბერია და “ახალბაღი” კვლავ დაკეტილია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.