სტუდენტობის პირველ წლებში, სწავლის პარალელურად მუშაობდა კიდეც, თუმცა სოფელში ჩამოსვლას მაინც ყოველთვის ახერხებდა. ამბობს, რომ სოფლის მიტოვებაზე არც ახლა ფიქრობს. პირიქით, პირველი, რასაც სწავლის დასრულების შემდეგ გააკეთებს, სწორედ მშობლიურ სახლში დაბრუნება იქნება.
“მინდა, სოფელში დავბრუნდე, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მასწავლებელი გავხდე“.
ლანა გიუნაშვილი სოფელ ფლავისმანში დაიბადა. ეს ერთ-ერთი ის სოფელია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და საიდანაც რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები ჩანს.
“ჩემს კურსელებს ხშირად ვუყვები აქაურობაზე. იმაზე, რომ ოკუპირებულ სოფლებს და რუს სამხედროებს ვხედავთ. მერე რომ ვამბობ, სოფელში მივდივარ-მეთქი, უკვირთ ხოლმე, რატომ გიყვარს ასე ძალიან იქ ყოფნაო, რატომ არ ფიქრობ, იქიდან წამოსვლაზეო, მაგრამ მე რაც დრო გადის, თითქოს უფრო მეტად მიყვარდება ის ყველაფერი, რაც აქ არის”.
ლანა უნივერსიტეტში დიდწილად სოფლიდან დადის.
“კატასტროფულად არის გაზრდილი ყველაფერის ფასი, მათ შორის ბინების. ძალიან რთულია, რამე იქირაო და თბილისში იცხოვრო. ამიტომ ხან სოფლიდან დავდივარ და ხანაც, ჩემი დეიდაშვილის ბინაში ვრჩები”.
საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ლანას საკუთარი პროფესიით დასაქმება უნდა და იმედი აქვს, ამას ისე შეძლებს, რომ სოფლის მიტოვება არ მოუწიოს.
“ვხედავთ, ჩვენი სოფელიც იცლება ახალგაზრდობისგან. რატომ? იმიტომ, რომ ახალგაზრდობა უფრო მეტ პერსპექტივას ხედავს ქალაქში, როგორც განათლების, ისე დასაქმების მხრივაც. ამიტომ მიიწევენ ქალაქისკენ. მე არ მინდა ქალაქში დარჩენა, ჩემ სოფელში ცხოვრება მინდა და დიდი იმედი მაქვს, ამას შევძლებ”.
ლანას აზრით, სოფლის განვითარება და გაძლიერება სწორედ ახალგაზრდებს შეუძლიათ – მათ, ვინც ცოდნას მიიღებს, უკან დაბრუნდება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის.
“არ მინდა, რომ საკუთარი კარიერის გამო სოფელი მივატოვო. პირიქით, ყველას მოვუწოდებ, რომ ის ადგილი, სადაც დავიბადეთ, არ მივატოვოთ. აქ მე ყველაფერი მიყვარს – მიწა, წყალი, ლურჯი ცა… აქ ავიდგი ფეხი, აქ გავატარე ბავშვობა და ყველაზე ტკბილი მოგონებებიც აქ მაქვს”.
ტკბილ მოგონებებთან ერთად, ლანას სოფელთან 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე ემოციებიც აკავშირებს. მაშინ ის 7 წლის იყო და როგორც თავად ამბობს, საკუთარი სახლის დაკარგვის შიში ყველაზე მძაფრად მაშინ იგრძნო.
“მახსოვს, როგორ გადმოიფრინა თვითმფრინავმა და როგორ შემეშინდა. როგორ თქვა მამაჩემმა, სასწრაფოდ გაემზადეთ, თბილისში მიდიხართო და როგორ წავედით… ყველა ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სოფელში ჩამოვედით და ჩემი სახლი დავინახე, დავმშვიდდი და თითქოს ძველებურად ბედნიერი გავხდი”.
საკუთარი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, ლანასთვის დღემდე ყველაზე უსაფრთხო სივრცეა.
“ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში არაფერი მომკლებია. ახლაც ბევრი რამ აკლია სოფელს, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდებს შეგვიძლია ბევრი რამის გაუმჯობესება, მე ასე მგონია და თუ ჩვენ წავალთ, მაშინ რა გამოვა? ვინ იზრუნებს აქაურობაზე? რა იქნება ათი და ოცი წლის შემდეგ? მე არ მემეტება ის სოფელი დაცლისთვის, სადაც ბავშვობაში მირბენია, მითამაშია, მიცინია და მიოცნებია”.
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.