ახალი ამბები

“ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს” – სკოლებში ჯანსაღი კვების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა 

“ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს”, – ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” პეტიცია შექმნა. პეტიციის მიზანია სკოლის მოსწავლეების ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა. 

“წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა სათანადოდ კვებას, რის გამოც მოსწავლეებს სკოლებში არაჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვების მიღება უწევთ.

“დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული, რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N410-ს, რომლითაც განსაზღვრულია სასკოლო კვების აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.)”, – ნათქვამია პეტიციაში. 

პეტიციაზე ხელმოწერა ყველა მოქალაქეს შეუძლია. 

იხილეთ პეტიციის მბული: ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.