ახალი ამბები

“ხე დაეცა კაბელებს” – პატარა მეჯვრისხევში გარეგანათების დროულად აღდგენას ითხოვენ 

მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოსახლეობა გარეგანათების აღდგენას ითხოვს, რომელიც ადგილობრივების ცნობით, რამდენიმე დღეა დაზიანდა. 

მეჯვრისხეველების ინფორმაციით, გარეგანათება ცალკეულ უბნებშია გათიშული. მიზეზად კი სხვადასხვა ვერსიები სახელდება. 

“მოკლე ჩართვა მოხდაო, უნდა ამოვიდნენ კალათიანი მანქანით და შეამოწმონო, მაგრამ გაფუჭებულია და ვერ ამოდიანო”, – გვითხრა დიდ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

გარეგანათების პრობლემაზე საუბრობენ ასევე პატარა მეჯვრისხევშიც, ერთ-ერთ უბანს რამდენიმე დღეა გარეგანათება არ აქვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთ-ერთ ელექტრო გადამცემ ხაზზს ხე დაეცა, რის გამოც განათება დაზიანდა. 

“კაკლის ხე გადატყდა და დაეცა კაბელებს. მეპატრონემ მაშინვე გაასუფთავა კაბელებიც და ხეც გაიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, კაბელების აღსადგენად არავინ მისულა”, – ამბობს ადგილობრივი. 

ადგილობრივების საპასუხოდ, “მოზაიკა” მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ვახტანგ რევაზაშვილის განმარტებით, გარეგანათების აღსადგენად მუშაობა უკვე დაწყებულია. 

“ადგილზე არიან და აკეთებენ, მალე აღდგება, ქარი იყო და ხე მოტეხა, მარტო მეჯვრისხევში კი არა, სხვა სოფლებშიც მასე მოხდა. რაც შეეხება დიდ მეჯვრისხევში, ღვთისმშობლის ეკლესიის უბანში იყო ჩამრთველი დაზიანებული, რომელიც ამოცვალეს, თუმცა ისევ გაფუჭდა. დღეს აკეთებენ მაგასაც”, – გვითხრა ვახტანგ რევაზაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი