ახალი ამბები

განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯი “ქართლი” დათქმულ ვადაში ვერ იხსნება

ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე მდებარე კოლეჯი “ქართლი” 15 ნოემბერს აღარ გაიხსნება, – ინფორმაცია ამის შესახებ კოლეჯის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

“ქართლის” ცნობით, კოლეჯს ამ დროისთვის ავტორიზაცია არ მიუღია. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ავტორიზაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა. 

“პროფესიული განათლების სისტემის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში კოლეჯის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარდგენისა და ავტორიზაციის რამდენიმეთვიანი სტანდარტული პროცედურის დასრულების შემდეგ, ასევე, ბუნებრივი გარემო-ფაქტორების გათვალისწინებით, კოლეჯი “ქართლი” მომავალი წლიდან შეუერთდება აპლიკანტთა რეგისტრაცია-მიღების საყოველთაო პროცესს სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასაწყებად”, – ნათქვამია განცხადებაში. 

კოლეჯი “ქართლი” სახელმწიფო ინვესტიციით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფუძნა, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დათქმულ ვადაში ფუნქციონირების დაწყება ვერ შეძლო. 

“სასწავლო წელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაიწყება 15 ნოემბერს”, – აცხადებდა “ქართლის” ადმინისტრაცია მიმდინარე წლის მაისში. 

ამ განცხადებიდან 4 თვის შემდეგ კი, ამბობენ, რომ სასწავლო პროცესს 2024 წლის გაზაფხულიდან დაიწყებენ. 

დატოვეთ კომენტარი