ახალი ამბები

“სახლიდან შორს” – გამოფენა გორის ხელოვნების სახლში 

“სახლიდან შორს”, – ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნება დღეს, 8 სექტემბერს, 18:00 საათზე გორის ხელოვნების სახლში. გამოფენა 3 ოქტომბრამდე გასტანს.

პროექტი „სახლიდან შორს” იკვლევს საქართველოში ომის შედეგად ჩამოსული უკრაინელი ოჯახების გამოცდილებას, განსაცდელის და დანაკარგის მოგონებებთან ჭიდილს.

ამერიკელმა ფოტოგრაფმა და National Geographic-ის მკვლევარმა, ჰეილი სედლერმა 2022 წლის აგვისტო თბილისში გაატარა და იმ უკრაინელი ლტოლვილების ყოველდღიური ცხოვრების აღწერას დაუთმო, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო მოუწიათ.

გამოფენა „სახლიდან შორს“ თავდაპირველად ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა გალერეა “ცალკე სივრცეში”.  8 სექტემბრიდან კი გამოფენას გორის ხელოვნების სახლი უმასპინძლებს.

გამოფენის კურატორია ანა დავარაშვილი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა ჰეილი სედლერთან ერთად გასული წლის აგვისტოში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ფოტოგრაფ ჰეილი სელდერთან, რომელიც 9 სექტემბერს გორის ხელოვნების სახლში გაიმართება. 

პროექტი არის კულტურული თანამშრომლობა ქართულ არაკომერციულ ორგანიზაცია Museograph-სა და Home Collective-ს შორის (აშშ-ში დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც თანადაფუძნებულია ჰეილი სედლერის მიერ). პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

დატოვეთ კომენტარი