ახალი ამბები

“წელს 120 000 ტონა ვაშლის მოსავალს ველოდებით” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გორში არასტანდატული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. უწყების ინფორმაციით შტაბში 40-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა. 

“ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას. შარშან, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით სამოცდაათი ათასი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა და დაახლოებით ოც მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს ამ გზით ფერმერებმა. მნიშვნელოვანია, რომ მათ არასტანდარტული ვაშლისგან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

როგორც ცნობილია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია – 120 ათასი ტონა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება”, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.