ქარელში მცხოვრებმა ეკა კურტანიძემ გამოუსადეგარი ნივთებით დეკორაციების აწყობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დედა გახდა. დაზიანებული სათამაშოები და სახატავი რვეულები გადასაყრელად არ ემეტებოდა და უნდოდა, მათგან რამე ისეთი შეექმნა, რასაც სახლში დაიტოვებდა და სამომავლოდაც გამოიყენებდა. სწორედ აქედან გაჩნდა დეკორაციების შექმნის იდეა.
“ნივთებს ვამზადებ გამოუსადეგარი მასალისგან, მუყაოს, პოლიეთილენის ყუთით, ქაღალდებით. ბავშვობაში კარგად ვხატავდი, ალბათ ამიტომაა, რომ ეს ხელსაქმე ვიდეოების ნახვით მარტივად შევითვისე. ჩემებს ძალიან მოსწონთ, რასაც ვაკეთებ და მეუბნებიან, რომ ამ მიმართულებით განვვითარდე”, – ამბობს ეკა.
ეკა ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. მთელ დღეს მათზე ზრუნვაში ატარებს. დეკორაციების შექმნისთვის კი უფრო გვიან, პატარების ძილის დროს იცლის.
“ორი მცირეწლოვანის ხელში ბევრი დრო არ მაქვს, თუმცა როდესაც მათ სძინავთ გვიან ღამე ვჯდები და დღის განმავლობაში ნაფიქრი ნივთები ჩემს ხელებში კეთდება. ფურცლებით ვარდებს ვკრავ, ნაჭრებით და პოლიეთილენის ბოთლით საყვავილეს ვაკეთებ და ძველ ნივთებს სულ სხვანაირად წარმოვაჩენ”, – აღნიშნავს ეკა.
ეკა ახლა 25 წლისაა და უხარია, რომ იპოვა საქმე, რომელიც განტვირთვის საშუალებასთან ერთად, შემოსავლის წყაროც არის. როგორც გვითხრა, შრომას ბავშვობიდან მიჩვეულია.
“შრომას ბავშვობიდან ვარ შეჩვეული. მიუხედავად იმისა, რომ დედას, როგორც შეეძლო, არაფერს გვაკლებდა, მაინც ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 17 წლიდან დალაგებებზე ვმუშაობდი, ვიყავი ანიმატორის დამხმარე, ბარშიც ვმუშაობდი მიმტანად. რაც ბავშვები გავაჩინე, ძირითადად სახლში მიწევს ყოფნა და ახლა ეს საქმეა ის, საიდანაც შემოსავლის წყაროც მაქვს.”
ჯერჯერობით, გაყიდულ ნივთებს, ჯერ კიდევ გაჩუქებული დეკორაიებს რაოდენობა აჭარბებს, თუმცა ეკას იმედი აქვს, რომ ეს მოცემულობა ნელ-ნელა შეიცვლება და მის დეკორაციებს მეტი და მეტი მყიდველი გამოუჩნდება.
“საქმის კეთებას და ჩემს შემოსავალს ისე ვარ მიჩვეული, რომ არაფრისგან ვცდილობ რაღაც შევქმნა. იმედი მაქვს, ჩემი ეს წამოწყება წარმატებული გამოდგება. ძალიან მინდა, ასე იყოს – თან ბავშვებზე ვიზრუნო, მათთან ერთად ვიყო და თან ვაკეთო საქმე, რომელიც შემოსავალს მომიტანს”.