ავტორი: თეონა ფანქველაშვილი
წლები გადის, სამყარო ვითარდება, ქვეყნები წინ მიდიან, მთავარ ღირებულებებზე შეთანხმებას ახერხებენ, ჩვენ კი სამწუხაროდ ჯერაც ერთმანეთში ვდაობთ და კვლავ იმის მტკიცების ეტაპზე ვართ, რომ ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებით უნდა იმართებოდეს – რომ არ შეიძლება, ხალხის ფულით და ხალხის სამსახურში ადამიანებს პროფესიონალიზმის მიხედვით კი არა, პირადი ნაცნობობით აყენებდნენ.
დღეს უკვე ყველამ ვიცით, რომ მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას მათი დამსახურებისდამიუხედავად, ნეპოტიზმი ჰქვია, მაგრამ სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ საზოგადოება ერთიანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირებას კვლავ ვერ ახერხებს.
ეს კიდევ უფრო ჭირს ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიც გორია – სადაც ყველა ყველას იცნობს და ოჯახურ-მეგობრული კავშირებიც ხშირია. სადაც ამ ნაცნობობის გამო, ადამიანები ნეპოტიზმით დასაქმებულთა კრიტიკასაც ერიდებიან და ხშირად, ვერც თავად ამბობენ, ამ გზით ნაშოვნ სამსახურებზე უარს, რადგან უმრავლესობას უკვე აღარ აქვს იმის იმედი, რომ სადმე, ნაცნობის გარეშე, მუშაობის დაწყებას შეძლებს.
საბიუჯეტო დაწესებულებებში გამოცხადებული კონკურსების მიმართ ყოველწლიურად მცირდება მოქალაქეების ნდობა. ამ ქალაქში ბევრი ადამიანისგან მოისმენთ, რომ კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან იცის, რომ ვაკანსია უკვე წინასწარ შერჩეული კადრისთვის არის გათვალისწინებული.
ამ პირობებში, როცა ადამიანებს მფარველის, გავლენიანი ნათესავის გარეშე დასაქმების და საკუთარი თავის დამკვიდრების იმედი აღარ აქვთ, ვხედავთ იმასაც, თუ როგორ იზრდება მიგრაციის ტემპი – ჩემი აზრით, ნეპოტიზმი, არასწორი საკადრო პოლიტიკა და ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობაა ერთ-ერთი, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეები, ქვეყნიდან მიდიან.
და ასე იქნება მანამ, სანამ დემოკრატიულ მმართველობას სწორედ ნეპოტიზმზე მკაცრი, პრინციპული და მტკიცე უარის თმით არ დავიწყებთ.
თუ ასე არ ვიზამთ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება ის მოცემულობა, რომელშიც ახლა ვართ – ჩვენი მოქალაქეები წავლენ ამ ქვეყნიდან, ჩვენი ბიუჯეტი კი ისევ იმის გამო გაიფლანგება, რომ ხელისუფლება სასურველი კადრების დასანიშნად, არასასრუველ კადრებს გააათავისუფლებს, მათი ნაწილი სასამართლოში იდავებს, საქმეს მოიგებს და სრულიად სამართლიანად, ბიუჯეტიდან კომპენსაციას მოითხოვს.
ბოლო წლებში, უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთა კომპენსაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000-მდე ლარი დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო, სწორედ ამდენი თანხა მოაკლდა ჩვენი, მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას.
რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრიდან გამოსავალი?
ადამიანებმა ისეთ პატარა ქალაქებშიც, როგორი გორია, უნდა მოვითხოვოთ გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა – მუნიციპალიტეტის სამსახურში კვალიფიციური კადრების აყვანა, მათ შესარჩევად კი კონკურსების ობიექტურად ჩატარება.
ჩემი აზრით, მხოლოდ ასე შევძლებთ:
- ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ ჩვენი ბიუჯეტით კვალიფიციაკური კადრები დაიქირაოს, რომლებიც უკეთ მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს;
- თავი შეიკავოს პირადი ინტერესების საფუძველზე თანამშრომლების გათავისუფლებისგან, რაც დამატებით ხარჯებს აგვარიდებს;
- ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, გაუჩნდეთ იმედი და რწმენა, რომ საკუთარი თავის დამკვიდრებას საკუთარ ქვეყანაშიც შეძლებენ.