“დეკორაციებსაც თავად ვქმნი, ინტერნეტში ვნახულობ, ვხაზავ და შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ერთად ვაწყობთ”, – ამბობს 27 წლის არტ-დეკორატორი ლილი პოლომარენკო, რომელმაც სადღესასწაულო დეკორაციების დამზადება დამოუკიდებლად ისწავლა.
ლილი ორი შვილის დედაა. პირველი წვეულება, რომელიც მისი დიზაინით დაიგეგმა, სწორედ შვილის დაბადების დღე იყო. ინტერნეტში განთავსებულმა ერთმა ფოტომ კი საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მას შემდეგ, ლილიმ არაერთი სადღესასწაულო დეკორაცია შექმნა.
“ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება, თექაზე მუშაობა, ჩაბარებაც მინდოდა, მაგრამ უსახსრობის გამო, ვერ მოვახერხე. რომ გავთხოვდი და ბავშვი გამიჩნდა, პირველ დაბადების დღეზე მე მინდოდა გამეკეთებინა სადღესასწაულო დეკორაცია, მერე მეორე დაბადების დღე, შემდეგ მეორე შვილი და ასე საკუთარი ცოდნით დავიწყე მორთულობების გაკეთება და გაჩნდა იდეაც, რომ ეს უნარები და ცოდნა საქმედ მექცია. პირველად ახლობლის ქორწილი გავაფორმე და ფოტო სოციალურს ქსელში დავდე, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და შემდეგ სხვებმაც შემიკვეთეს”, – გვიყვება ლილი.
ლილი ორი წელია დეკორატორად მუშაობს. საქმეში ოჯახის თითქმის ყველა წევრი ეხმარება, ზოგი ბავშვებს იტოვებს, ზოგიც გასაფორმებლად მიყვება.
“ოჯახის ყველა წევრი მეხმარება ამ საქმეში. თუ ჩემ მეუღლეს არ სცალია, ხან მამამთილიც მიმყვება ხოლმე, მული ბავშვებს იტოვებს. ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედამთილი იყო, მან მომცა ბიძგი მესწავლა და საკუთარი საქმე მქონოდა. ყოველთვის უნდოდა იმაზე მეტი გვქონოდა, ვიდრე მას ახალგაზრდობაში და სულ ამ მოტივაციით ვართ მთელი ოჯახი, ვშრომობთ დაუღალავად უკეთესი მომავლის იმედით”, – ამბობს ლილი.
ლილი საკუთარი საქმით კმაყოფილია. ამბობს, რომ ამ სფეროში მთავარი მონდომება და შრომისმოყვარეობაა, რომელიც მას არ აკლია.
“სკოლა რომ დავამთავრე და ჩემ გარდა ყველამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ძალიან ვნერვიულე, მაგრამ რაღაცები უმიზეზოდ არ ხდება. ალბათ რომ ჩამებარებინა, დღეს ამ საქმეს არ გავაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესის დიპლომი არ მაქვს, არ დავიკარგე და საკუთარი საქმე ვიპოვე, რომელშიც მინდა განვვითარდე და უფრო უკეთესი გავაკეთო, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ იყო”.