ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 36 წლის ქეთი ბერიანიძემ საკუთარი სახლის ეზოში სწრაფი კვების ობიექტი გახსნა. ახალგაზრდა ქალმა დიდი ხნის ოცნება ფონდი “ტასოს” დახმარებით აისრულა.
წლების განმავლობაში, ქეთი საკუთარი საქმის წამოწყებაზე ოცნებობდა თუმცა საკმარისი თანხების გამო, ამ საქმესთან შეჭიდებას ვერ ბედავდა.
“დაფინანსება ფონდ “ტასოსგან” მივიღე. მანამდე ტრენინგებში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ ბიზნეს გეგმა დავწერე და ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა. ჩემი სოფლიდან სულ სამი ქალი ვიყავით, ვინც დაფინანსება მივიღეთ. მომისმენია სხვებისგან, რას დადიხარ, დროს რატომ კარგავო, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ეს დროის კარგვა იყო, მე ჩემს მიზანს მივყვებოდი და ვიცოდი, რომ ნებისმიერ ფასად ჩემი საქმე უნდა წამომეწყო”.
ობიექტის გახსნამდე ქეთი გამომცხვარ საკვებს სკოლის ბუფეტში ყიდდა.
“პატარა ასაკიდან მიყვარდა ტკბილეულის ცხობა. დედა სულ გვიცხობდა ხოლმე და მეც ვიღებდი მონაწილეობას. როდესაც დავოჯახდი, ოჯახში დედამთილი აღმოჩდა ცომეულის დიდი ექსპერტი და წლების განმავლობაში, მისგან ეს საქმე ვისწავლე. 3 შვილი მყავს, დიდი ოჯახი მაქვს და ერთ დღესაც გადავწყვიტე, ცხობა დამეწყო და გამეყიდა. ვყიდდი სკოლაში, თან მსიამოვნებდა ჩემი საქმე, თან ოჯახისთვის ფინანსური დახმარების გაწევა შემეძლო.
ქეთი სამომავლოდ ობიექტის გაფართოებას და ღია კაფის მოწყობას გეგმავს.
“ჩემი სოფლის გარდა, სხვაგან საკვები ობიექტის გახსნაზე არ მიფიქრია. სულ მესმოდა ხოლმე ტურისტებისგან, რომ უნდოდათ გემრიელი ხაჭაპური, ჭახრაკინა, ნამცხვარი, პიცა და ვიფიქრე, რატომ არა, აქვე ამ სოფელშივე ავაწყო ჩემი საქმე – მეთქი. ახლა მინდა საკონდიტრო გავაფართოვო და მის გვერდით ბაღი ღია კაფედ გადავაკეთო, ამისთვის კი ისევ პროექტის დაწერას და დაფინანსების მოპოვებას ვაპირებ.”