გორში გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, სამშენებლო ნებართვების გაცემა გრძელდება. მხოლოდ ბოლო ერთ წელში, გორის მერიამ 2017 სამშენებლო ნებართვა გასცა. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება გახდეს.
“ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მანამდე სანამ გენგეგმის დამტკიცება მოხდება, ქალაქი იმდენად იქნება შენობებით დატვირთული, რომ შესაძლოა გაჩნდეს საფრთხე ქალაქის არასწორი განვითარების. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი შენობა ისეა აშენებული, რომ შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ადამიანებისთვის”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი, საია-ს იურისტი.
მისი შეფასებით, რაც დრო გავა, ქაოსური მშენებლობები უფრო და უფრო მეტ საფრთხეს შექმნის, როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების, ასევე გეოლოგიური კუთხითაც. ამ საფრთხეების თავიდან აცილებისთვის კი, როგორც ბებიაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტს განაშენიანების სწორად შედგენილი გენერალური გეგმა სჭირდება.
“გეგმის შედგენისას, უსაფრთხოებაა ერთ-ერთი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. საჭიროა გეოლოგიური და სეისმური დასკვნები, რათა გეგმა იყოს სწორად ჩამოყალიბებული, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი ყველა სახის საფრთხე და ამის მიხედვით მოხდეს მშნებლობების განხორციელება”, – ქეთი ბებიაშვილი.
ბებიაშვილი ფიქრობს, რომ გენ.გეგმის დამტკიცების პროცესი ისე ჭიანურდება, რომ დოკუმენტი, რომლის შემუშავებისთვისაც გორის ბიუჯეტიდან 383 500 ლარი დაიხარჯა, ძველდება და გეგმის შემუშავებისთვის უკვე გაწეული სამუშაოების თავიდან განხორციელება ხდება საჭირო.
ინფორმაციისთვის, გენ. გეგმაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით, ხელისუფლებამ ის ოფიციალურად ამ დრომდე არ დაამტკიცა.
ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?
ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ
სამოქალაქო სექტორის ამბობს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და უზრუნველყოს ისეთი გეგმის დამტკიცება, რომელიც ქალაქში უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის.
“არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს გენერალური განვითარების გეგმის უგულვებლყოფა, მის გარეშე „იოლად“ გასვლა და სინამდვილეში სწრაფი ტემპით ქვეყნის გადანაწილების ხელშეწყობა დიდი გარიგებებით. აღარ არსებობს ხელშეუხებელი რეკრეაციული ზონები, ყველაფერს ფული წყვეტს და ჩაბეტონდა ქალაქები ამ გლობალურ დათბობის მოსალოდნელ საფრთხეებში, ჰაერის ტემპერატურის გაუსაძლის ზრდაში. აღარაფერს ვამბობ ქალაქის განვითარების პერსპექტივის გაუთვალისწინებლობაზე, არქიტექტურული იერ-სახის დამახინჯებაზე (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე კორპუსები), ეკოლოგიაზე და ბოლოს და ბოლოს ხანძრის შემთხვევაში ევაკუაციის შესაძლებლობაზე.”, – ამბობს თამარ ედიშერაშვილი.
ამავე თემაზე: “არც გორში ცხოვრებაა უსაფრთხო” – ქაოსური მშენებლობები შოვის ტრაგედიის ფონზე
ამავე თემაზე: გორის მერიამ, გენ.გეგმის გარეშე, ბოლო ერთ წელში 217 სამშენებლო ნებართვა გასცა
სამოქალაქო სექტორი, უკვე რამდენიმე თვეა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდება პასუხს კითხვაზე, როდის ექნება გორს განაშენიანების გენერალური გეგმა. ეს საკითხი რამდენჯერმე წამოჭრა გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც, მაგრამ კითხვაზე მერიის კონკრეტული პასუხი ამ დრომდე უცნობია.