ახალი ამბები

“სიცრუეა, რომ რიკოთი დაკეტილია” – გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 

“რიკოთის უღელტეხილზე მოქმედებს გააადგილების სპეციალური რეჟიმი. სიცრუეა, რომ რიკოთი დაკეტილია”,  – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი. 

მისი განმარტებით, რიკოთზე გადაადგილება შეზღუდული რეჟიმით მიმდინარეობს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ დაკეტილია. 

“ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რიკოთი დაკეტილია, არასწორია. რიკოთზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, დილის 6 საათიდან, საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 5 საათამდე – სატვირთო ტრანსპორტი”, – ამბობს ის. 

მისივე განმარტებით, რიკოთის უღელტეხილი დროებით დაკეტილი იყო, რადგან არსებობდა საფრთხე მეწყრული პროცესების განვითარების. 

“იცით, რომ გზის 149-ე კმ-ზე, თოვლის დნობის შემდეგ, არსებული (ძველი) გზიდან 200 მეტრის ზევით, აღმოჩენილი იქნა, ნაპრალები. შესაძლებელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება რიკოთის უღელტეხილის დროებით დაკეტვის შესახებ. გავაფართოვეთ გზა, გავაფართოვეთ ბუფერული ზონა და ამის შემდეგ დავაწესეთ მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო უსაფრთხოება”, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მისივე თქმით, რიკოთზე ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. 

ინფორმაციისთვის, 2019 წლიდან მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.