“პირადად მე აღნიშნულ გასაუბრებას არ ვესწრებოდი, რადგან მე არ ვარ კომისიის თავმჯდომარე, თუმცა ოქმის მიხედვით შემიძლია მსჯელობა”, – ამბობს გორის მე-7 სკოლის დირექტორი, სკოლისადმი გაჟღერებულ ბრალდებაზე.
ნოდარ იარღანაშვილის თქმით, ბრალდება რომ მის სკოლაში გამოცხადებული კონკურსი სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე მიკერძოებით ჩატარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“როგორც ოქმიდან ირკვევა კომისიის ორმა წევრმა მხარი დაუჭირა სამ კანდიდატს, რომელთა შორის იყო აღნიშნული ქალბატონიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწორედ მისი კანდიდატურა აირჩიეს და რეკომენდაციაც მხოლოდ მასზე მისცეს დანარჩენ კომისიის წევრებს. ეს ქალბატონი არ ამბობს სიმართლეს, როცა ამტკიცებს, რომ მაინცდამაინც მას დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება, შერჩეულ კანდიდატს, ამაზე ოქმშიც ნათქვამია, რომ კომისიის თავმჯომარემ დაახასიათა, ის როგორც გამოცდილი კადრი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ ვესწრებიდი ამ გასაუბრებას, ოქმის მიხედვით კი შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს”, – ამბობს ნოდარ იარღანაშვილი.
სკოლის დირექტორი ასევე განმარტავს, რომ გასაუბრებაში მონაწილე აღნიშნული კონკურსანტის მიერ არასწორი ფორმულირებით იყო მოთხოვნილი ოქმი, რომელსაც ის სკოლის ადმინისტრაციისგან ითხოვდა.
“როდესაც ის ამბობს, რომ მოითხოვა ოქმი და არ გადმომცესო, “გასაუბრების ოქმი” ამდაგვარი სახელწოდებით არ დგება, ამიტომ სკოლამ სთხოვა დაკონკრეტება, რომელ ოქმს გულისხმობდა. მას ავუხსენით, რომ გასაუბრების ოქმის შედგენა სკოლას არ აკისრია. ჩვენ მას ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა ოქმის სახელწოდება, გულისხმობდა თუ არა სპეცმასწავლებლის ვაკატური თანამდებობის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს და მოეწერა შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად. შესაბამისი ხელმოწერების შემდეგ, მას ეს ოქმი გადაეგზავნა”, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ინფორმაციისთვის, გორის მე-7 საჯარო სკოლა ნეპოტიზმში დაადანაშაულა გასაუბრებაზე მისულმა ერთ-ერთმა კონკურსატმა, რომელიც სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. მისი თქმით, კომისიამ ამავე სკოლაში მომუშავე მასწავლებელი მიკერძოებით შეარჩია და სხვა მონაწილეების, მათ შორის მისი კონპეტენციით არ დაიტერესებულა.
ამავე თემაზე: “სამაგალითო დედა”, როგორც შეფასების კრიტერიუმი – ერთ-ერთ სკოლას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ