2008 წლის აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირი ბესიკ კაპანაძეა, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.
ბესიკ კაპანაძე 1980 წლის 25 აგვისტოს გორში დაიბადა. ის სამხედრო სამსახურში თავისი სურვილით წავიდა. 8 აგვისტოს, როცა ოკუპანტები ქართულ პოზიციებს უტევდნენ, ბესიკ კაპანაძეს დაჭრილები გამოჰყავდა, ბესიკი ახალბედა ჯარისკაცებს ამხნევებდა. ერთ-ერთი დაჭრილის გამოსაყვანად რომ წავიდა, ჭურვი ძალიან ახლოს ჩამოვარდა. ბესიკმა მეორე ჯარისკაცს ხელი ჰკრა და ამ ხელის კვრით მას სიცოცხლე აჩუქა, თვითონ კი ჭურვის ნამსხვრევით მძიმედ დაიჭრა. გონება არ დაუკარგავს, მაინც თანამებრძოლებს მიმართავდა – “არ შეშინდეთ, ბიჭებო! მგონი ვკვდები, მაგრამ უკან არ დაიხიოთ… საქართველოსთვის, ბიჭებო, საქართველოსთვის.”
“ჩემი სამივე ბიჭი ჯარში მსახურობდა, როცა რამეს ვეუბნებოდი, სულ იმას მპასუხობდნენ, ჩვენ თუ არ წავალთ, ვინ წავა ჯარშიო? ჩემი შვილები ფულის და გაჭირვების გამო არ წასულან საკონტრაქტო სამსახურში. ამბობდნენ, კაცური საქმე ესაა, სხვა რა უნდა ვაკეთოთო. ბესიკი კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ძალიან უყვარდა ჯარი”, – იხსენებს ნინო კაპანაძე, ბესიკ კაპანაძის დედა.
დედა ამბობს, რომ ბესიკი ცხინვალში 2004 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც იმყოფებოდა.
“18 ბიჭი დაიღუპა ბესიკის ოცეულიდან. ბესიკი ბეწვზე გადარჩა. სამი-ოთხი დღე იყო გათიშული. სანგარში ჩავარდა და ყველას ეგონა, რომ დაიღუპა. სოფელში ხმა დადიოდა ბესოს სიკვდილის შესახებ, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ბესიკი ისევ იმ სანგარში ყოფილა და დილით უნახავთ ბიჭებს. მეგობრები ყვებოდნენ, გახარებულებმა სულ ზევით ვახტუნავეთ ბესიკიო”, – ამბობს ნინო კაპანაძე.
ბესიკი 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს, 8 აგვისტოს დაიღუპა. მძიმედ დაჭრილი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში წამოიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
“8 აგვისტოს მატყუებდა, ტყვიავში ვარო. დილით, როდესაც ველაპარაკე, ტელეფონში მესმოდა საშინელი სროლების ხმა. ნუ გეშინიაო მეუბნებოდა და თან გაიცინა, ცდილობდა, რომ ამ სიცილით ვენუგეშებინე. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი…. ეს იყო მისი ბოლო სიცილი და ეს სიცილი ჩამრჩა ყურში… ერთი საათის შემდეგ რომ დავურეკე, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი… დაჭრილები გამოჰყავდა თურმე ბესიკს, ერთი ბიჭიც გადაურჩენია, რამაზი ერქვა. ამ ბავშვმა მითხრა: ბესიკმა მე გადამარჩინა და თვითონ დაიღუპაო… რამაზი შედიოდა, თურმე, ბესიკს უთქვამს, გამოუცდელი ხარ, მე შევალო, ამ დროს ჭურვი აფეთქებულა, ბესიკს ამ ბიჭისთვის ხელი უკრავს, გადაუგდია და ასე გადაურჩენია სიკვდილს. თვითონ ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და მძიმედ დაიჭრა”.
ბესიკ კაპანაძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.