ავტორი: მინდია გოდერძიშვილი
ხშირად მსმენია, როგორ უთქვამთ გორზე, რომ აქ პასიური ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი მოთხოვნების დაყენება, პროტესტის გამოხატვა და ბრძოლა ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არ ახასიათებთ. მე კი ვფიქრობ, რომ ეს თავისთავადი მოცემულობა არ არის. ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და რეალურად, ჩვენს ქალაქში ზუსტად იგივე ხდება, რაც დანარჩენ პატარა ქალაქებში.
მუდმივად დღიურ ლუკმაზე დარდი და ზრუნვა ადამიანებს აღარ უტოვებს დროს და ძალას საკუთარი პრობლემების ჯანსაღი ანალიზისთვის, პროტესტისთვის, აქტიურობისთვის. სწორედ, ყოფითი პრობლემები და გაჭირვებაა ჩვენი ხალხის ინდიფერენტულობის ერთ-ერთი მიზეზი.
ყოველდღიური ბრძოლით გადაღლას ემატება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ნაკლებად სანდო მანევრები და ამომრჩეველთან ზედაპირული ურთიერთობა, რაც ხალხში კიდევ უფრო ამძაფრებს უიმედობას და მომავლის შიშს.
სწორედ ეს, ხალხში გაღვივებული უიმედობა და მომავლის შიშია ის, რაც დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს – ადამიანები, რომლების სიღარიბეში ცხოვრობენ, რომლებსაც უკეთესი მომავლის იმედი აღარ აქვთ, მაქსიმალურად ცდილობენ, დღეს მაინც მიიღონ პატარა “სიკეთე” და ამისთვის დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაც აღარ მიაჩნიათ პრობლემად.
ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. გორი კი ამ ქვეყნის ნაწილი და თან შუაგულია. შესაბამისად, აქაც იგივე ბალღამი დუღს, რაც სრულიად საქართველოში და ჩვენი უბირობის მაღალი კოეფიციენტის გამო, შეიძლება სხვა ქალაქებზე მეტადაც.
როგორც სხვა პატარა ქალაქებში, აქაც ყველა ყველას იცნობს და ადამიანებს ისიც კარგად ახსოვთ, ვინ, როდის და რა გზებით მოიწყო ცხოვრება. ამჟამად, ფულის და ძალაუფლების მქონეთა მიერ განვლილი გზა იმ ადამიანებსაც არ დავიწყებიათ, ვისაც უმუშევრობის მაღალი კოეფიციენტის პირობებში, დღემდე ათასგვარი სირთულის გადატანა უწევთ.
ქართულ-ჯიგრულ პონტში მოგვარებული საქმეების, კორუფციული გარიგებებით ხელის მოთბობის, კანონზე მაღლა მდგომების და მათი დაუსჯელობის შემთხვევების ყურება ადამიანებს აფიქრებინებს, რომ ცხოვრება ბევრად მარტივია დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშე და მათშიც აჩენს სურვილს, რომ თვითონაც რამენაირად გამონახონ საერთო ენა ხელისუფლების რიგებში მყოფ მოხელეებთან, რათა გარკვეული სახის და რაოდენობის “სიკეთე” თავადაც მიიღონ.
სწორედ ეს სურვილი მგონია იმის მიზეზი, რომ უამრავი პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანები არ რეაგირებენ იმ უკანონობაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება.
ყველამ ვიცით, რომ ნეპოტისტური-ჯიგრული ურთიერთობების წყალობით ხვდებიან არაკომპეტენტური ადამიანები საბიუჯეტო დაწესებულებებში, მაგრამ ამის გამო მასშტაბური პროტესტი არსად, მათ შორის არც გორში არ ყოფილა – რადგან ადამიანების ნაწილს, ხელისუფლებასთან მისასვლელი ხიდის აფეთქებას, იმ იმედით ცხოვრება ურჩევნია, რომ ერთ დღეს საჭირო რეკომენდატორს თავადაც მოძებნის.
აი, ამ მიდგომების პირდაპირი შედეგი კი ყველა ინსტიტუციის ჩამოშლა და ქვეყნის გაპარტახებაა, მაგრამ ეს თემა საჯარო სივრცეებიდანაც პრაქტიკულად გამქრალია. იგივე გორის რეალობას რომ გადავავლოთ თვალი, აქ ადამიანების მთავარი სასაუბრო თემა არა ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ სიტუაციით სარგებლობა და ნაცნობ-მეგობრობით სადმე დასაქმება, მიწის იაფად ყიდვა, მშენებლობის უფლების მარტივად მიღება, დახმარების დანიშვნა და მსგავსი საკითხებია.