ავტორი: ქეთი ბებიაშვილი, საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი
რამოდენიმე დღის წინ, ქალაქში ძლიერი წვიმა იყო და ყველამ ვნახეთ, როგორ მოედინებოდა წყალი ქუჩებში, როგორ დაიტბორა სახლის ეზოები და სადარბაზოები. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემა ან არ არსებობს, ან გასაწმენდი იყო და ან მისი გამტარიანობა ქალაქის საჭიროებებზე მორგებული არ არის. ნებისმიერი მიზეზი კი იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაოები დაიგეგმა, შესრულდა და გაკონტროლდა არასათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის, გამოცდილების და საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობაა უამრავი პრობლემის მოუგვარებლობის ერთ-ერთი მიზეზი.
არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ საბიუჯეტო დაწესებულებების საკადრო პოლიტიკა ნეპოტიზმით იმართება და ამ მხრივ გაცილებით რთული სიტუაცია რეგიონებშია. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრება ვერ ვითარდება, რადგან ვინც უნდა იმუშაოს და მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოს, არ არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე.
თუ ბიუჯეტს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თანხის დიდი ნაწილი მიდის სახელფასო ფონდზე, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ცხოვრებაში ამ ადამიანების მუშაობის შედეგს. თითოეულ მოქალაქეს კი შედეგის დანახვა უნდა გვინდოდეს.
უშედეგოდ ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლებლობას კი, რა თქმა უნდა, სისტემა იძლევა. სისტემა, რომელსაც ადამიანები ჩვენივე არასწორი დამოკიდებულებებით ვაძლევთ არსებობის საშუალებას.
როცა ვიღაცას ფულს ვაძლევთ, მაგალითად შვილს, ვეკითხებით, რაში უნდა დახარჯოს. იგივე დამოკიდულება უნდა გვქონდეს ხელისუფლების მიმართაც, რადგან უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი ჩვენგან მიღებულ ფულს ხარჯავენ. რაც კეთდება ჩვენ გარშემო, ეს არ კეთდება სხვისი ფულით, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი გადასახადებით, ანუ ჩვენ მიერ გაღებული თანხით. ამის გააზრებაა მთავარი.
იქამდე, სანამ ასეთი გაიგივება არ გვექნება, ჩვენი ბიუჯეტი დაიხარჯება ისე, რომ შედეგს, წინსვლას ვერ დავინახავთ.
დღეს საზოგადოება თავისი დინებით მიდის, ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები – თავისი დინებით. მათ სურვილებსა და მიზნებს შორის კი არანაირი კვეთა არ არის, რაც წარმოშობს ყველა დანარჩენ პრობლემას.
საკუთარი სურვილების, საჭიროებების და მოთხოვნების წინ წამოწესაწევად კი, თავად მოქალაქეებმა უნდა დავიწყოთ აქტიურობა – ინფორმაციის გამოთხოვა, ადვოკაცია, თვითორგანიზებულობა.
როცა პრობლემა არსებობს, შესაბამისად, უნდა მოვახდინოთ მასზე რეაგირება და ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემაზე რეაგირების მოთხოვნა „ინტრიგნობა“ კი არა, ჩვენი უფლებების დაცვაა. საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ სამართლებრივი ბრძოლისთვისაც და ეს გზაც გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პასუხისმგებელ პირებს ჩვენი მოთხოვნების, საჭიროებების დაკმაყოფილება დავავალდებულოთ.
ჩვენვე უნდა მოვითხოვოთ, რომ საბიუჯეტო დაწესებულებებში ადამიანების შერჩევა ნეპოტიზმით კი არა, ობიექტურად და მიუკერძოებულად მოხდეს. ამის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება კი კადრების ობიექტური, სწორად ჩატარებული კონკურსით შერჩევა იქნება. თანამშრომლების აყვანა ვიღაცის კეთილგანწყობაზე ან ნაცნობობაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს და ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად, მცოდნე, გამოცდილი და კვალიფიციური კადრების შერჩევა ჩვენვე უნდა მოვითხოვოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთის მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც მმართველი ძალის კეთილგანწყობა არ აქვთ, მუდმივად გაუჭირდებათ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმება და მეორეს მხრივ, ე.წ ნეპოტიზმით შერჩეულ თანამშრომლებს მუდმივად გაუჭირდებათ ჩვენი პრობლემების მოგვარება.