ლიტერატურულ კონკურს ,,მაჩაბელის“ წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს გორის მუნიციპალიტეტის მერია 2000 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
კონკურსის ლაურეატების დასახელება და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში 19 ივლისს გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან წლის საუკეთესო პროზაული და დრამატული ნაწარმოებისა და საუკეთესო პოეტური/პროზაული თარგმანის ნომინაციებშიც.
“კონკურსის მიზანია საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება, ლიტერატურის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ახალი ავტორებისა და ლიტერატურული კერების აღმოჩენა და რეგიონის ცნობადობის გაზრდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კონკურსი ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამე წელია იმართება.
პროექტს ახორციელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობითა და ლიბერთი ბანკის გენერალური სპონსორობით.