ავტორი: ვერიკო სომხიშვილი, მენტორი მასწავლებელი / დაწყებითი განათლების ექსპერტი
კურიკულუმი ეს არის მოსწავლის განვითარების გზა დასახული მიზნისკენ. კურიკულუმის რამდენიმე ტიპი არსებობს:
- ეროვნული სასწავლო გეგმა
- სასკოლო სასწავლო გეგმა
- “ფარული კურიკულუმი”
სასკოლო კურიკულუმი ეს არის სკოლის ავთენტური გზა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევისკენ. ეროვნული სასწავლო გეგმა საერთო გრძელვადიან მიზანს უსახავს ყველა სკოლას, თუმცა მიზნის მიღწევის გზები და სტრატეგიები ინდივიდუალურია ყველა სკოლისთვის, რადგან სკოლები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მხოლოდ რესურსებით, იქნება ეს ადამიანური, მატერიალური თუ ფინანსური, არამედ საკუთარი ინსტიტუციური მეხსიერებით, სასკოლო კულტურით, თემის შესაძლებლობებითა და გამოწვევებით.
სასკოლო კურიკულუმი მასწავლებლისათვის არის პრაქტიკის კვლევის და განვითარების საუკეთესო საშუალება – ახალი სასწავლო წლისათვის წინა წლის კურიკულუმი იქცევა კარგ რესურსად.
მასწავლებელი აკვირდება, იხსენებს, როგორი დავალებები შეასრულეს მოსწავლეებმა, რა მეთოდები/სტრატეგიები გამოიყენა, მაგალითად, თემაზე კონკრეტული ტექსტის სწავლებისას წინა წელს; აანალიზებს შედეგებს და მას შეუძლია შეცვალოს ან დატოვოს მოცემული აქტივობები, დავალები.
ანუ პრაქტიკის კვლევა ჯაჭვური, მუდმივი პროცესია და არა ერთჯერადად შესრულებული.
სასკოლო კურიკულუმი არის სასკოლო პრაქტიკის ნიმუში და მეთოდური რესურსი ახალბედა მასწავლებელბისათვის. ის წარმოადგენს უკვე გაკვალულ გზას და დამწყებ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ან შეცვალოს, პარალელური კლასების კონკრეტული საგნის პედაგოგებთან ერთად.
სასკოლო კურიკულუმის შემუშავება ციკლური პროცესია. იგი პირობითად შეიძლება წარმოვიდგნოთ, როგორც მუდმივად მიმდინარე პროცესი, რომელიც შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპებისაგან შედგება:
- კურიკულუმის წლიდან წლამდე განსავითარებლად მნიშვნელოვანია დაგეგმილი და რეალიზებული პროცესების შესახებ ინფორმაციის სისტემური და უწყვეტი შეგროვება, ანუ მონიტორინგი.
- პროცესში შეგროვებულ მონაცემთა ანალიზი და შეფასება კათედრებს, სკოლას საშუალებას მისცემს, რომ გამოკვეთოს არსებული პრობლემები და დაგეგმოს ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული აქტივობები.
„ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად, სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით დაიწყო.
კანონის მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს უფლება, განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, თუმცა, ამ პერიოდამდე, ყველამ უნდა მოიპოვოს საქმიანობის უფლება, ავტორიზაციის გზით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის 4 სტანდარტია:
- 1. სკოლის ფილოსოფია;
- 2. სასკოლო კურიკულუმი;
- 3. სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერა;
- 4. მოსწავლეთა მხარდაჭერა.
თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:
- 1. სკოლის ფილოსოფიასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები;
ბ) სკოლის დაგეგმვა და განვითარება.
- 2. სასკოლო კურიკულუმთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) კურიკულუმის შემუშავება;
ბ) კურიკულუმის განხორციელება;
გ) კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
დ) კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია.
- 3. სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პერსონალის მართვა;
ბ) პერსონალის განვითარება;
გ) პროცესების მართვა;
დ) ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
ე) მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა;
ვ) საინფორმაციო რესურსები;
ზ) ფინანსური რესურსები.
- 4. მოსწავლეთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) მოსწავლეთა უფლებების დაცვა;
ბ) მოსწავლეთა მხარდაჭერის ღონისძიებები.
როცა ვსაუბრობთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე, ეს მიემართება ავტორიზაციის მეორე სტანდარტს – სასკოლო კურიკულუმს.