“18 წელი ვიმუშავე შვეიცარიის საელჩოში, თითქმის ნახევარი სიცოცხლე. სამსახურიდან რომ წამოვედი, ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა და ვეღარაფერს შევძლებდი”, – გვიყვება მადონა ხაჩიძე, რომელმაც სურამში ბებიის დატოვებულ მიწაზე საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
მადონა “მოზაიკასთან” საუბარისას საკუთარ გამოცდილებებზე ყვება.10 წელი ემიგრაციაში იყო, ბელგიაში ცხოვრობდა. მუშაობდა შვეიცარიის საელჩოში. ამბობს, რომ სამსახურიდან მოულოდნელად წამოსვლა მოუწია, რამაც ახალი საქმის დაწყებისკენ უბიძგა.
“ვიფიქრე დასრულდა ყველაფერი, ახლა რაღა გავაკეთო, რითი დავიწყო-მეთქი. იდეა რომ გაჩნდა, თავიდან ცოტა შემეშინდა, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, მაგრამ გავიფიქრე, რატომაც არა, თუნდაც ამ ასაკში და თუნდაც მარტო ქალი, რატომ ვერ უნდა გავაკეთო, როცა მიზანი და მონდომებაა”.
მადონამ მამა-პაპისეულ მიწაზე 5 წლის წინ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, საოჯახო სასტუმრო ააშენა და იქ ოჯახთან ერთად დასახლდა.
“ლეჯიანდრო”, ამ სახელში დევს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრე, რა დამერქმია და გადავწყვიტე ჩემი გარდაცლილი ძმის და ჩემი შვილების სახელების ინიციალები გამეერთიანებინა და მივიღე ეს. შემეძლო სხვა ნებისმიერ ადგილას დამეწყო აბსოლუტურად სხვა ბიზნესი და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი შემოსავალიც მექნებოდა, მაგრამ ეს ჩემი კუთხე იმდენად ახლოსაა ჩემს გულთან და ჩემს ბავშვობასთან, რომ აქ მინდოდა ეს გამეკეთებინა. ეს ჩემი წინაპრების ადგილია, რომელიც ვერ და არ მივატოვე. ვგიჟდები ამ ადგილზე, რადგან სული და გული მაქვს აქ ჩადებული, თითოეულ დეტალზე ვფიქრობ, რომ დამსვენებელს მოეწონოს”.
ამბობს, რომ მოტივაციას პირველ რიგში საკუთარი თავი და შემდეგ მასთან დასაქმებული ქალები აძლევენ, როგორც თავად ამბობს, ეს არ არის სამსახური, ეს არის ოჯახი, სადაც ყველამ ერთმანეთის გასაჭირი იცის.
“მე თვითონ ვდგავარ სამზარეულოში დილის 6 საათიდან საღამოს 11 საათამდე, ძალიან მიყვარს ადამიანების მომსახურება და ყველაფერში მაქსიმალურად ჩართული ვარ. თითოეული ბავშვის და ჩემი სტუმრის გემოვნება ვიცი. უდიდეს პატივს ვცემ ჩემთან დასაქმებულ თანამშრომლებს, ვიცავ მათ შრომით უფლებებს და არავის დავაჩაგრინებ, ეს არის გარემო, სადაც ერთმანეთის გასაჭირზე გული შეგვტკივა და კარგი გვახარებს. ვფიქრობ, ის მიზანი, რაც საქმის დაწყების წინ მქონდა, მიღწეულია”.