“სკოლის დასრულების შემდეგ, იმავე წელს უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. სამომავლო პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, დრო მოსაფიქრებლად აუცილებელია”, – ამბობს ლუკა კობახიძე, რომელმაც ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზია გასულ წელს დაასრულა და სპეციალობის შესარჩევად ერთწლიანი პაუზა აიღო.
ამბობს, რომ ინტერესის სფეროს მალევე მიაგნო და პროგრამირების შესწავლა დაიწყო.
“სკოლა ვერცხლის მედლით დავასრულე, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი სად ჩამებარებინა, გადავწყვიტე ერთი წელი გავჩერებულიყავი და ამ ერთ წელში პროგრამირების კურსი გამევლო. ასეც მოვიქეცი, დავიწყე სწავლა ამ მიმართულებით. ვისწავლე საიტების დიზაინის აწყობა. ახლა ვარ აბიტურიენტი და უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ მინდა კომპიუტერული ინჟინერიის, ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლა”.
რამდენიმე თვის წინ ლუკას ცხოვრებაში საინტერესო ამბავი მოხდა, რამაც მისი სამომავლო გეგმები გაამყარა.
“აღვნიშნე, რომ საიტების აწყობა ვისწავლე, ამიტომ ჩემთვის საინტერესოა სხვადასხვა ქართული საიტების გვერდების გაცნობა, როგორაა აწყობილი, რა დიზაინი აქვს. ერთ-ერთი ასეთი თვალიერების დროს საქართველოს უნივერსიტეტის გვერდზე შემხვდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს ერთ ადამიანს უფასო 4 წლიანი სასწავლო კურსით აჯილდოვებს. შევავსე ლინკი, ხელს რა მიშლიდა, თუმცა ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ის იღბლიანი მე ვიქნებოდი”.
ლუკას ცხოვრების შემდეგი ეტაპი გამოცდების ჩაბარება და უნივერსიტეტში ვიზიტია.
“ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტს ჰქონდა, იყო ის რომ ახალგაზრდა, რომელსაც შეარჩევდნენ აუცილებლად აბიტურიენტი უნდა ყოფილიყო. წელს მეც აბიტურიენტი ვარ, ჩავაბარებ გამოცდებს და სექტემბრიდან სრულიად უფასოდ დავიწყებ სწავლას. ეს არის შანსი, რომელიც კარგად უნდა გამოვიყენო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ შემთხვევითობა მთელ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, ვერც ვიჯერებდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ შემარჩიეს”.
ლუკა თანატოლებს ურჩევს, არ ისწავლონ მხოლოდ იმიტომ, რომ დიპლომი აიღონ; ისწავლონ იმისთვის, რომ მომავალში სასურველი საქმის კეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. სამომავლოდ გამოადგეთ.
“იყავით ამბიციურები, თავდაჯერებულები და მოტივირებულები. 4 წლის მერე ხელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არა, ცოდნა უნდა წამოვიღოთ სასწავლებლიდან”.