ხაშურის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა ვაჟა მჭედლიშვილს სასამართლოში უჩივლა. ეს ის ფიზიკური პირია, რომელმაც გასულ წელს სკოლის შენობის დემონტაჟი დაიწყო და როგორც დირექტორი ამბობს, ნაკისრი ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა.
“საბუთები შევაგროვე და სასამართლოში შევიტანე, მეტი გამოსავალი არ დამიტოვა. რატომ უნდა შერჩენოდა ეს ყველაფერი?! სამუშაოები არ დაასრულა და ისე წავიდა, მე იძულებული გავხდი, აუქციონი ხელახლა გამომეცხადებინა სამუშაოების დასასრულებლად”, – გვითხრა ნანა გაგნიძემ.
სამშენებლო ნარჩენები ამ დრომდე სკოლის ტერიტორიაზე ყრია და ბოლომდე არც შენობის დემონტაჟია დასრულებული. ხელშეკრულების მიხედვით კი, ეს სამუშაოები ფ.პ. ვაჟა მჭედლიშვილის ვალდებულება იყო.
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, სასამართლომ მისი განცხადება მიიღო და ახლა პროცესის ჩანიშვნას ელოდება.
რაც შეეხება სკოლის ახალი შენობის მშენებლობას, ეს პროცესი “ლაგი კაპიტალთან” დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ოქტომბერში უნდა დაიწყოს.
ამავე თემაზე: ხაშურის N4 სკოლას აშენებს კომპანია, რომელსაც კიდევ 8 ბაღი და სკოლები აქვს ასაშენებელი