“საზაფხულო ბანაკი 2023”-ის მოწყობისა და სატრენინგო მომსახურების შესასყიდად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ბანაკი გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 20 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის იქნება.
აღნიშნული მომსახურების შესასყიდად გორის მერიას 90 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, სატრენინგო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
- ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
- ადგილობრივი თვითმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება;
- პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
- ემოციური კაპიტალი;
- პროექტების წერა.
“მომსახურება განხორციელდება 189 (ასოთხმოცდაცხრა) პერსონაზე, 3 (სამ) ნაკადად, თითოეულ პერსონაზე განკუთვნილი უნდა იქნას ტრანსპორტის მომსახურება, სასტუმროს მომსახურება (5 ღამე – 6 დღე) სამჯერადი კვებით, საკონფერენციო დარბაზით. მომსახურება განხორციელდება დაბა ბაკურიანში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება შემდეგი მარშრუტით 3 (სამი) ნაკადად: გორი – ბაკურიანი, ბაკურიანი – გორი; თითოეულ ნაკადზე უნდა განხორციელდეს არანაკლებ 63 (სამოცდასამი) პერსონის ტრანსპორტირება”, – ნათქვამია სატენდერო მოთხოვნებში.
ინფორმაციისთვის, საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში გასულ წელსაც მოეწყო, გორიდან აღნიშნულ ბანაკში კონკურსით შერჩეული 200 ახალგაზრდა გაემგზავრა.