ბლოგები

როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეებში მართლწერის უნარები თამაშით?

ავტორი: ლანა ფერაძე, მასწავლებელი

21-ე საუკუნეში, როდესაც ასე მარტივად მიუწვდებათ ყველანაირ ინფორმაციაზე ხელი მოსწავლეებს, მათი ამა თუ იმ საგნით დაინტერესება საკმაოდ რთული და შრომატევადია. საინტერესო გაკვეთილი მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებას მოითხოვს.

მოსწავლეებზე მრავალმხრივმა დაკვირვებამ მაჩვენა, რომ მათი დიდი ნაწილი უკეთესად ფლობს კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარებს – შეუძლიათ სხვადასხვა ჟანრის ტექსტის გაგება-გააზრება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა, თხრობა, აღწერა, დასაბუთება ზეპირად, თუმცა დახმარება სჭირდებათ გრამატიკული ფორმების, მართლწერის წესების დაცვით წინადადების აგებისას, ასევე უჭირთ სასვენი ნიშნების მიზანმიმართულად გამოყენება.

მიღებული შედეგიდან გამომდინარე, დავიწყე ფიქრი შემექმნა რაიმე საინტერესო, განსხვავებული და ამავდროულად ძალიან სასარგებლო სასწავლო რესურსი, როგორიც აღმოჩნდა „გააგორე კამათელი“.

ამისთვის დამჭირდა ორი კუბი, ბრჭყვიალა წებოვანი ფურცლები და მაკრატელი. კუბზე მიწებებულია ქართულ ენაში არსებული ყველა სასვენი ნიშანი, რაც ძალიან მიმზიდველია და თამაშ-თამაშში მისი გამოყენება ადვილად დასამახსოვრებელი.

აქვე გაგაცნობთ რესურსის გამოყენების ინსტრუქციას:

  • მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს წყვილებად. თითოეულ წყვილს ურიგებს ორ კამათელს;
  • მოთამაშე N1 აგორებს ერთ კამათელს, მოთამაშე N2 აგორებს მეორე კამათელს;
  • რომელი სასვენი ნიშანიც დაუჯდებათ, იმისი გამოყენებით ადგენენ წინადადებებს;
  • დავალების შესასრულებლად ეძლევათ 15 წთ.
  • დროის ამოწურვის შემდეგ ცვლიან ნაწერს და ფერადი კალმით უსწორებენ ერთმანეთს, რამდენად სწორად აქვთ გამოყენებული სასვენი ნიშანი წინადადებების შედგენისას.
  • წყვილიდან მოგებულია ის მოთამაშე, რომელიც 15 წუთის განმავლობაში უფრო მეტ სწორ წინადადებას მოიფიქრებს და გამართავს სასვენი ნიშნებით.

სანამ მოსწავლეები დაიწყებენ წყვილებში მუშაობას, მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას, უხსნის კამათლების დანიშნულებასა და თამაშის პირობას. მასწავლებელიც მათთან ერთად ადგენს წინადადებებს. აუცილებელია, დასაწყისშივე გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ წყვილიდან გამარჯვებულია ის, ვინც მეტ და ამავდროულად, პუნქტუაციურად გამართულ წინადადებას მოიფიქრებს.

მისაღწევი შედეგები:

  • ქართ.დაწყ.(II).11. ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება; ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმების დაცვა.
  • ქართ.დაწყ.(II).12. წერის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

რა დადებითი გავლენა ჰქონდა რესურსის გამოყენებას მოსწავლეთა სწავლის პროცესზე?

„გააგორე კამათელი“ ეფექტიანი აღმოჩნდა, ვინაიდან დამეხმარა საგაკვეთილო მიზნების მიღწევაში. რესურსი ორიენტირებულია პრობლემებზე, მოსწავლეთა წერითი უნარების გაუმჯობესებაზე, არის გამოსაყენებლად მარტივი, ასევე სახალისო, ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის და ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს. ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იმუშაოს და გამოავლინოს თვისი ცოდნა.

ამ ყველაფრის შედეგად, მოსწავლე სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს სავარჯიშოს, გამოთქვამს ვარაუდს, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, იყენებს თეორიულ მასალას პრაქტიკაში და მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს.

გარდა ამისა, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ განსხვავებული რესურსის დანახვა, უფრო მეტი ინტერესი გამოხატეს და ხალისით მოეკიდნენ აღნიშნული თემის შესწავლას, ვიდრე ეს მხოლოდ სახელმძღვანელოს გამოყენებით იქნებოდა შესაძლებელი. მოსწავლეთა დამოკიდებულებიდან გამომდინარე, კონკრეტული საკითხის შესწავლა ბევრად შედეგიანი აღმოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი