ბლოგები

როგორ განვივითაროთ პრეზენტატორული უნარები?

ავტორი: ნატალია ბერკაცაშვილი, მასწავლებელი

წლების განმავლობაში, პედაგოგად მუშაობამ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში პრეზენტატორული უნარების  ხელშეწყობა და განვითარება. მინდა, გაგიზიაროთ წარმატებული და ეფექტური პრეზენტაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი და რჩევა, რაც დაგეხმარებათ აუდიტორიის დაინტერესებაში და საბოლო მიზნის მიღწევაში.

წარმატებული საჯარო გამოსვლის მიზანია, საინტერესო გზავნილის აუდიტორიისთვის ნათლად და დამაჯერებლად გადაცემა, შთაგონებისა და მოტიცავიის მიცემა.

რა რჩევებს ვაძლევ მოსწავლეებს?

  • გაიღიმეთ, ღიმილი გადამდებია და საუბრის დაწყებამდე პოზიტიურად განაწყობს მსმენელს. შესაძლოა, საუბრისას აღელვებული იყოთ, ღიმილი კი დაგეხმარებათ დადებითი შთაბეჭდილება შეუქმნათ აუდიტორიას;

დაფიქრდით, ვის წინაშე აპირებთ სიტყვით გამოსვლას? რა სიდიდის აუდიტორიასთან გაქვთ საქმე? რა ინტერესები ამოძრავებთ მათ? ეს ხელს შეუწყობს მსმენელთან უკეთეს კომუნიკაციას და, შესაბამისად, მათ ჩართულობას;

  • დასახეთ მიზანი. პრეზენტაცია შესაძლოა ისე წარიმართოს, რომ შესაძლოა მოგიწიოთ საუბრის თემიდან გადახვევა ან დაგავიწყდეთ, სად გაჩერდით. ამიტომ, მიზნის მკაფიოდ დასახვა  საუბრის თემაზე ორიენტირებაში დაგეხმარებათ;
  • იპოვეთ რაიმე ხელჩასაჭიდი თქვენი აუდიტორიის ჩართულობისთვის. შეგიძლიათ ისეთი სიტყვების, ფრაზების, კითხვებისა თუ გამონათქვამების გამოყენება, რომელიც აუდიტორიის დაშორების შემთხვევაში მათ ყურადღებას მიიზიდავს;
  • მოდუნდით და ყურადღება მიაქციეთ თქვენი საუბრის ტონს და მანერას. სიტყვით გამოსვლის დროს ნერვიულობა ნორმალური მოვლენაა, ამიტომ დააკვირდით, ისეთ სიტყვებს ხომ იყენებთ, როგორებიცაა „ეე“, „ასე რომ“, „ნუ“ და ა.შ., რასაც შესაძლოა ნერვიულობისა და მერყეობის ინტერპრეტაცია მიეცეს და თქვენი მთავარი არსიც გაურკვეველი დარჩეს. ან ძალიან სწრაფად ხომ არ საუბრობთ? სავსებით ნორმალურია მცირე პაუზის გაკეთება და ამ დროებითი მყუდროებით სარგებლობა. გაიღიმეთ და ხელახლა სცადეთ თქვენი სხეულისა და ხმის გაკონტროლება;

თავი აარიდეთ ტექსტის სიტყვასიტყვით წაკითხვას. ამის გამო შესაძლოა, მოხსენებამ მონოტონური ხასიათი მიიღოს, შედეგად კი აუდიტორიის ყურადღების გაფანტვა და თემაზე მათი ორიენტირებულობის შესუსტება განაპირობოს;       

  • გააკეთეთ თქვენ მიერ წარმოსათქმელი სიტყვის ზოგადი მონახაზი. ეს დაგეხმარებათ საკითხზე ორიენტირებასა და პუნქტების უფრო სწრაფად დამახსოვრებაში, რაც დაბნეულობას აგარიდებთ;
  • მოყევით პირადი ისტორიები, რაც მეტად შეუწყობს ხელს თქვენი და აუდიტორიის დაახლოებას. თქვენ გექნებათ შთაბეჭდილების მოხდენისა და აუდიტორიის თქვენს მხარეზე „გადმობირების“ უკეთესი შესაძლებლობა;
  • იყავით ის, რაც სინამდვილეში ხართ. როდესაც საკუთარ თავს ბუნებრივად წარმოაჩენთ, ნათლად იქნება აღქმული თქვენი ხმა, სხეულის ენა და ჩანაფიქრი. ნუ დამალავთ ემოციებს თქვენს სასაუბრო თემასთან მიმართებაში;

თავი აარიდეთ ერთფეროვნებას. მრავალფეროვნება და რაიმე საკითხის განსხვავებულად წარმოჩენა უკეთეს გავლენას მოახდენს და მიიზიდავს აუდიტორიას. ნუ შეგაშინებთ საქმის განსხვავებულად კეთება;

  • იყავით დამაჯერებელი, როდესაც თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენი მოხსენების სიცხადესა და სიმართლეში, აუდიტორიაც ანალოგიურად დაგიჯერებთ, და შესაბამისად, მათი დარწმუნების შანსებიც გაიზრდება;
  • ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას. ბევრს ხომ არ მოძრაობთ ან გადაადგილდებით? რა მდგომარეობაშია თქვენი ხელები, ფეხები, თავი და ზოგადად სხეული საუბრის დროს? შეეცადეთ ჟესტიკულაცია თქვენთვის მნიშვნელოვან პუნქტებს დაუკავშიროთ. მაგალითად, ფრაზის წარმოთქმისას „კეთილი იყოს ყველას მობრძანება“, თქვენი ხელები ჟესტებით მიანიშნებდეს მთლიან აუდიტორიაზე, როდესაც წარმოთქვამთ სიტყვას „ყველა“. შეუსაბამეთ თქვენი ხელის გამომხატველობითი მოძრაობა თქვენს სიტყვებს;

ისე გააკეთეთ, რომ აუდიტორიას უფრო მეტის მოლოდინი გაუჩნდეს – საუბარი დაასრულეთ მაღალ ნოტაზე და ენერგიულად, თითქოს უფრო მეტის თქმას აპირებდეთ, აუდიტორიას კი უფრო მეტის მოსმენის სურვილი გაუჩნდება. საუბრის დასასრული იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი დასაწყისი. სხვა რიტორიკულ ხერხებთან ერთად, შესაბამისი სიტყვების, ენერგეტიკისა და ჟესტიკულაციის გამოყენება თქვენს საჯარო გამოსვლას დიდი აპლოდისმენტებით დაასრულებს!

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.