ადამიანები ისტორიები

“ეს ნიჭია, რომელიც დიდი შრომის შედეგად განვითარდა” – მკერავი საოკუპაციო ხაზიდან

“ეს ნიჭია, რომელსაც მხოლოდ დიდი შრომის შედეგად აქვს განვითარება”, – ამბობს მკერავი საოკუპაციო ხაზიდან, ეკატერინე გიორგობიანი. 

ეკატერინე მეჯვრისხევში ცხოვრობს და უკვე წლებია კერავს. ახლახანს საკუთარი სამკერვალო მან გორში გახსნა.

“იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ სულ ერთია, უბრალო კაბას ვკერავ, თუ სადღესასწაულოს, ერთნაირად ვიხარჯები. ძირითადად საბანკეტო და საღამოს კაბების შეკვეთები მაქვს. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს საქორწილო კაბის შეკერვა. კერვის პროცესს ისეთი დადებითი ენერგია და მუხტი მოაქვს, რომ დაღლას ვერ ვგრძნობ”. 

19 წლის ასაკში ნასწავლი ხელსაქმე ეკატერინესთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დღემდე ემოციურად ახსოვს ის წლები, როცა ჭრა-კერვის სწავლა დაიწყო. 

“ჭრა-კერვა ბავშვობიდან მეხერხებოდა. პირველად მე-8 კლასში ვიყავი, კლასელს სარაფანი შევუკერე. მან კი მაკრატელი მაჩუქა მადლობის ნიშნად, რომელიც დღემდე მადგება ჩემს საქმიანობაში. პროფესიულად ჭრა-კერვა 19 წლის ასაკში ვისწავლე კერძო მასწავლებელთან. ვიყავი შეგირდი. ჯერ კერვის ნიუანსები მასწავლა, მერე გამოჭრა”, – იხსენებს მკერავი.

ეკატერინე ფიქრობს, რომ სამკერვალო საქმიანობაში წარმატების მიღწევა რთული არ არის, თუმცა ამისთვის მხოლოდ ჭრა-კერვის ტექნიკის ცოდნა საკმარისი არაა, აუცილებელია შემოქმედებითი ხედვაც. 

“ვთვლი, რომ თუ გიყვარს ჭრა-კერვა, შეგიძლია, შენს მთავარ საქმედ და შემოსავლის წყაროდ აქციო. ტანსაცმლის შეკერვა იაფი ნამდვილად არ არის, უფრო ორიგინალობის და განსხვავებულობის ნიშანია. მომხმარებელს უნდა მისცე საშუალება, რომ ის მოდელი ეცვას, რომელიც მოსწონს, ორიგინალურია, განსხვავებული და რაც მთავარია, მის ტანზე მორგებულია”.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეკატერინე ჭრა-კერვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ურჩევს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვიანი კურსებით არ შემოიფარგლენ და ამ საქმისთვის საჭირო სხვა უნარებიც განივითარონ. 

“მუდამ უნდა განვითარდნენ. კარგმა მკერავმა უნდა იცოდეს ხატვა-მოდელირება, უნდა ესმოდეს ფსიქოლოგია, რათა კლიენტს სწორად შეურჩიოს მოდელი და შესთავაზოს ის, რაც მეტად მოუხდება”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.