ადამიანები ისტორიები

ქართველი მეტყევე, რომელმაც თესლის საშრობი ქარხანა დააარსა – მიხეილ მურვანიშვილი

1875 წლის 18 მაისს სურამში ქართველი მეტყევე და თესლის საშრობი ქარხნის დამაარსებელი მიხეილ მურვანიშვილი დაიბადა. 

მურვანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაამზადა წიწვოვანi ჯიშების თესლი, რომელიც იგზავნებოდა რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მიხეილ მურვანიშვილი, თვრამეტი წლის ასაკში, ახალციხის სატყეო სასწავლებლის დამთავრებისთანავე,  მარტყოფის სატყეო უბნის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა, სადაც ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, საგანმანათლებლო საქმიანობაზეც ზრუნავდა. მისი უშუალო მონაწილეობით გაიხსნა უფასო სამკითხველოები მარტყოფსა და საგარეჯოში.

მურვანიშვილი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო საქმიანობაშიც, მისი წერილები იბეჭდებოდა ”ივერიის”, ”ცნობის ფურცელის”, ”დროების” და სხვა ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე, წერდა მოთხრობებსაც.

კახეთში მუშაობის დროს მიხეილმა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედების მინისტრი ამხილა – მან გაზეთ ივერიაში გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ასაბუთებდა, რომ ტყეების გაჩეხვის ბრძანება რომელიც მინისტრმა გასცა, მიმართული იყო საქართელოს ბუნების განადგურებისკენ. მეფის მოხელეებმა ეს არ აპატიეს, მურვანიშვილი საგარეჯოს მოაშორეს და ლორეს სატყეო მეურნეობაში გადაიყვანეს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა მიხეილის დასაცავად თავად ილია ჭავჭავაძე გამოვიდა, რომელმაც 1897 წელს ”ივერიის” ფურცლებზე წერილიც გამოაქვეყნა: ” ნეტავ რა ავ-ენამ დააშორა ამ სოფელს ეს სასარგებლო და ხალხის გულშემატკივარი კაცი?” შედეგად, მურვანიშვილი ყვარლის სატყეო მეურნეობაში გადაიყვანეს.

1903 – 1907 წლებში მურვანიშვილი მუშაობდა ჯერ აბასთუმნის სატყეოს უფროსის თანაშემწედ, შემდეგ კი ბაკურიანის სატყეოს უფროსის თანაშემწედ. ამ პერიოდში იგი ცხოვრობდა სოფელ თორში და ბორჯომის ხეობის ტყეებზე ზრუნავდა. მანვე დაიწყო წყალსადენის გაყვანა, ამზადებდა მასალას სკოლის შენობის ასაგებად, გაიყვანა თოთხმეტ კილომეტრიანი საურმე გზა თორიდან ბორჯომამდე. ამ გზას ხეობის მოსახლეობამ, მადლიერების ნიშნად, “მურვანიშვილის გზა’’ შეარქვა და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ.

1934 წლიდან, მიხეილ მურვანიშვილი სათავეში ჩაუდგა სურამის სატყეო მეურნეობას, სადაც ასობით ჰექტარზე გააშენა ფიჭვის კულტურა და მოაწყო სანერგე მეურნეობა. მის სახელს უკავშირდება, წაღვერში პატარა მიტარბის ფერდობზე, ნახანძრალი ტყის ადგილას, 455 ჰექტარ ფართობზე ფიჭვის ტყის გაშენება, რომელიც დღესაც ამშვენებს იქაურობას. მანვე მოაწყო სანერგეები აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში, გააშენა ტყის მასივი მცხეთასა და კასპში.

მიხეილ მურვანიშვილის  1959 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია სურამში, გვერდისუბნის სასაფლაოზე. მისი სახელი ეწოდება სურამის ერთ-ერთ ქუჩას და პირველ საჯარო სკოლას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.