ადამიანები ისტორიები

ამიმღერებია ბავშვები, რომლებსაც სმენა არ ჰქონდათ – გიორგი შუბითის ისტორია ხაშურიდან

“ყველა ადამიანშია მუსიკა, მაგრამ იმას პოვნა უნდა”, – ამბობს ხალხურ სიმღერებზე და საკრავებზე  შეყვარებული, ხაშურელი გიორგი შუბითიძე, რომელიც თითქმის 40 წელია ახალგაზრდებს სხვადასხვა საკრავებზე დაკვრას და სიმღერას ასწავლის.

გიორგიმ თბილისის კონსერვატორია, საგუნდო სადირიჟოროს მიმართულებით დაამთავრა. ის პროფესიით დირიჟორია, თუმცა მრავალი წელია ხალხურ მუსიკას ემსახურება.

“ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა. პატარა ასაკიდან სულ ვმღეროდი, სიტყვებს არ ვამბობდი, სიმღერით ვსაუბრობდი, ამიტომ დედამ მიმიყვანა მასწავლებელთან, რომ მესწავლა. მე-5 კლასში ექსტერნად ჩავაბარე გორის სულხან ცინცაძის სამუსკო სასწავლებელში და აქედან იწყება ჩემი მუსიკალური ცხოვრება, მას მერე სხვა პროფესიაზე და საქმეზე არ მიფიქრია. 1986 წლიდან დავიწყე რუისის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად მუშაობა და იქ შევქმენი პირველი ხალხური გუნდი”, – გვიყვება გიორგი.

გიორგი თითქმის ყველა კლავიშიან საკრავზე უკრავს და საკუთარ ცოდნას ახალგაზრდებსაც უზიარებს.

“ფორტეპიანო,  ფანდური, ჩონგური, გიტარა, სალამური, იმ ინსტრუმენტებზე, რაც ქართულ ხალზურ მუსიკასთან ასოცირდება, თითქმის ყველაზე ვუკრავ. ამ ყველა ინსტრუმენტზე დააკვრასთან ერთად, მოსწავლეებს სიმღერასაც ვასწავლი, რაც ურთულესი პროცესია. გაკვეთილებს ვატარებ სკაიპით საზღვარგარეთ. რამდენიმე ჩემი მოსწავლე წავიდა, მაგრამ მუსიკის სწავლა არ შეუწყვეტავს, ამიტომ დისტანციურად ვუტარებ მათ გაკვეთილს”, – ამბობს გიორგი

გიორგის თქმით, წარსულში პედაგოგობაზე არასდროს უფიქრია, თუმცა წლების შემდეგ სწორედ ამ სფეროში იპოვა საკუთარი თავი და ამ ამბით ბედნიერია.

“ისეთი დადუდგრომელი და ცელქი ბავშვი ვიყავი, ვერასდროს ვიფიქრებდი, პედაგოგი თუ გავხდებოდი, ყველაზე მეტად ჩემს მასწავლებლებს ვამწარებდი, მაგრამ მე ჩემი თავი ვიპოვნე აქ და ვერსად ვერ წავალ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ეს ბავშვები, რომლებიც ჩემზე არიან მონდობილნი. უსმენო ბავშვები ამიმღერებია, მთავარია ბავშვს ფსიქოლოგია არ  დაუზიანო, შესაძლებლობებში ეჭვი არ უნდა შეეპაროს და თუ უნდა, გამოუვა. ბევრი მშობელი ატირებულა, რადგან ვერ წამოედგინათ, მათი შვილები თუ ამღერდებოდნენ”, – აღნიშნავს ის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.