ახალი ამბები

“ჭერი” – ხელოვნების სახლში ნიკა ხაბელაშვილის სოლო გამოფენა მოეწყობა 

ხელოვნების სახლში ნიკა ხაბელაშვილის სოლო გამოფენა “ჭერი” მოეწყობა. 

“ჭერი” ნიკას სახელოვნებო პროექტის პირველი ნაწილია და ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებლებს 21 მაისს, 18:00 საათიდან შეეძლებათ. 

გამოფენაზე წარმოდგენილია არტისტის 5 ფერწერა, რომლებიც ავტორის ბოლო დროინდელი  კვლევის მოტივებს ეხმიანებიან – ნიკა იკვლევს სახლს, როგორც კავშირის ფენომენს და იდენტობის ნაწილს.

“ნამუშევრები შესრულებულია სპეციფიური მასალით, მეორადი სამშენებლო ბიაზით, რომელიც ინტერიერში ჭერის მოსაპირკეთებლად იყო გამოყენებული და სიუჟეტს კიდევ უფრო აკავშირებს კონცეფციასთან. საცხოვრებელი, როგორც მუდმივი სამყოფელი, ხელოვანისთვის ერთგვარი გამოწვევაა,  სწორედ ამიტომ გამოფენის შემდეგ, კვლევის განვითარებისთვის პროექტის მეორე ნაწილი სოლო  მოგზაურობაა, სადაც ჩანაწერების და ჩანახატების დახმარებით ავტორი შეეცდება პირადი დაკვირვების გაზიარებას”, – ნათქვამია გამოფენის ანონსში. 

გამოფენის ფარგლებში ნიკა ხაბელაშვილის სტუმრებს პროექტზე მუშაობის პროცესსა და კონცეფციის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაუზიარებს. 

ინფორმაციისთვის, პროექტი “Art House 20 23”  “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.