ფოლკლორის ცენტრი გორის სოფლებში ქართული სიმღერების უნიკალურ ვარიანტებს აგროვებს. პროექტის შესახებ “მოზაიკას” სანდრო ნათაძე ესაუბრა, რომელიც სოფლებში დაგეგმილ ექსპედიციებს ხელმძღვანელობს.
“უნდა მოვიაროთ 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენი ექსპედიციები დავიწყეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სადაც თამარ მამალაძემ 1953 წელს, 30-მდე სოფელში ჩაწერა ხალხური სიმღერის უნიკალური ვარიანტები. გორის რაიონში ექსპედიციები დასასრულისკენ მიდის”, – გვითხრა ნათაძემ.
მისივე თქმით, ექსპედიციებმა უკვე მოიცვა კარალეთი, მეჯვრისხევი, რეხა, ბერბუკი, ბერშუეთი,
სვენეთი და ხელთუბანი.
“შევხვდით იმ შემსრულებლების შთამომავლებს, რომლის ხმებიც ჩაიწერეს 1953 წელს. მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ, არსებობის შემთხვევაში მოვიპოვეთ მომღერლების ფოტოები. ჩვენ მიერ მოპოვებული აღნიშნული მასალით შეივსება მომავალი წლის გამოცემა”, – გვითხრა ნათაძემ.
ქართული სიმღეერების უნიკალური ვარიანტების შეგროვება იმ ორ-წლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ეთნომუსიკოლოგ თამარ მამალაძის უნიკალური მასალების გამოცემის მიზნით შედგა.
“გამოცემის მოსამზადებლად შედგა ორ წლიანი გეგმა, რომლის თანახმადაც, პირველი წელი სრულად მიეძღვნება თამარ მამალაძის ხელნაწერი ფონდის გაშიფვრას და ექსპედიციებს იმ სოფლებში, სადაც თამარ მამალაძემ ჩაწერა ხალხური სიმღერები”, – განმარტავს ნათაძე.
საექსპედიციო ჯგუფმა ამ მიმართულებით მუშაობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის და ეთნოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის იმ ერთობლივი პროექტის შემდეგ გადაწყვიტა, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუტის მუსიკალური ფონდი გაციფრულდა.
როგორც ცნობილია, მუსიკალური ფონდის აღდგენა, შევსება და გაციფრულება UNESCO-ს მიერ მათი შემდგომი აღიარების მიზნით ხდება.