ახალი ამბები

მოქალაქეები ეჭვობენ, რომ “ახალბაღში” ხეები გაჩეხეს – რა წერია პროექტში?

მოქალაქეები ეჭვობენ, რომ “ახალბაღში” ხეები გაჩეხეს.  ამის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში მას შემდეგ წერენ, რაც “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” რეაბილიტაციის მიმდინარეობის დასტურად, ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. 

ამ კადრებში ჩანს, პარკის ის ნაწილებიც, რომელიც რეაბილიტაციის დაწყებამდე გამწვანებული იყო, თუმცა ახლა მისი პირვანდელი სახე შეცვლილია. 

ამავე თემაზე: მგფ “ახალბაღის” რეაბილიტაციის ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა გახსნის თარიღს არ აკონკრეტებს 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, პროექტის მიხედვით ხეების მოჭრა და გადარგვა გათვალისწინებული იყო. კერძოდ, პროექტის მიხედბით, იგეგმებოდა 70 ერთეული ხის და 2 ერთეული ბუჩქის მოჭრა. ასევე, გათვალისწინებული იყო 215 4 ერთეული ხისა და 286 ერთეული ბუჩქის გადარგვა.

“მოიჭრა მხოლოდ ის ხეები, რომლებიც ხმებოდა. რაც შეეხება დანარჩენ ხეებს, მოხდა მისი გადარგვა სხვადასხვა ადგილებზე. ფოტოებზე ნამდვილად ისე ჩანს, თითქოს ახლა ნაკლები ხეა პარკში, მაგრამ პროექტი გამწვანების სამუშაოებსაც ითვალისწინებს”, – უთხრა “მოზაიკას” პროცესში ჩართულმა პირმა. 

გამწვანების სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ‘ახალბაღის” რეაბილიტაციის პროექტშიც იძებნება. დოკუმენტის მიხედვით, პარკში გამწვანების სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ დაიწყება. 

კერძოდ, პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს: 

  • არანაკლებ 115 სახეობისა მცენარის დარგვა;
  • 12530 კვ. მ. გაზონის გაშენება;
  • არანაკლებ 16 სახეობის 82 ერთეული დეკორატიული ხის დარგვა,;
  • არანაკლებ 45 სახეობის 3156 ერთეული დეკორატიული ბუჩქის დარგვა, მათ შორის ცოცხალი ღობის გაშენება;
  • არანაკლებ 31 სახეობის 4702 ერთეული დეკორატიული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის დარგვა;
  • არანაკლებ 10 სახეობის 103 ერთეული მხვიარა დეკორატიული მცენარის დარგვა;
  • არანაკლებ 13 სახეობის 1750 ერთეული დეკორატიული ერთწლოვანი ბალახოვანი ყვავილდეკორატიული მცენარის დარგვა. 

ამ ეტაპზე, პარკში გამწვანების სამუშაოები დაწყებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაცია მეორე წელია გრძელდება და პროექტის დასრულების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.  პირობა, რომ გორის მთავარი დასასვენებელი სივრცე, 2021 წლის 15 ივლისს ერთი წლით იკეტებოდა, რამდენჯერმე შეიცვალა – გახსნის თარიღმა ჯერ 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით გადაიწია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.