არსებობს კლანური ინტერესები და საკადრო პოლიტიკა მკაცრად პოლიტიზირებულია მთელს თვითმმართველობაში, – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” რეგიონული ლიდერი ლექსო ვალიაური.
მისი თქმით, სწორედ საკადრო პოლიტიკის ხარვეზები იწვევს ბიუჯეტის არაეფექტურ გადანაწილებას, რაც მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დღევანდელი ფორმით ფუნქციონირებაში გამოიხატება.
“უმთავრესი პრობლემა ადგილობრივი ბიუჯეტისთვის არის ეგრედ წოდებული სააგენტოები, ა(ა)იპ-ები, სადაც ყოველ ეტაპზე ხდება ახალი შტატების დამატება, ან პოლიტიკური ნიშნით გაშვება და სხვა ადამიანების დანიშვნა. სააგენტოების ბიუჯეტებიდან თანხების 80% ან მეტი სახელფასო და ადმინისტრაციულ ხარჯებშია გადასროლა. შედეგად, ეცემა ხარისხი და ამ ორგანიზაციების მიზნების განხორციელება და ეფექტი უარესდება”, – აცხადებს ვალიაური.
მისი თქმით, თანხების დაზოგვაზე და დემოკრატიულ მმართველობაზე ზრუნვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწორედ ა(ა)იპ-ების მიმართ დამოკიდებულების შეცვლით უნდა დაიწყოს.
“ხელისუფლება ამას მიაღწევდა ეგრეთწოდებული აუთსორსინგის, კომპეტენციების გარეთ გამოტანის, მეთოდით. სააგენტოებს სრულიად შეუცვლიდა დებულებებს ან გააუქმებდა და გამოაცხადებს ტენდერებს მიზნების მისაღწევად”, -აცხადებს ვალიაური.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ვალიაური გორის მერიის ,,კულტურის ცენტრის” ყოფილი დირექტორია, რომელმაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებას სასამართლო დავა მოუგო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კომპენსაციის სახით, 48 000 ლარი მიიღო. ამის შესახებ, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 23 მარტს მიიღო.