ახალი ამბები

სახალხო დამცველი გორის სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობას გაეცნო 

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მონახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სახალხო დამცველი შეხვდა მაცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს, დაათვალიერა შენობა.

“შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო დასადრენაჟო სისტემები. არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ლევან იოსელიანი შიდა ქართლის გუბერნატორსაც შეხვდა. 

დატოვეთ კომენტარი