ყოველწლიურად აგარიდან ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა შედის, მაგრამ აგარელების მოთხოვნებს ხელისუფლება არ ითვალისწინებს – ამის შესახებ ქარელის საკრებულოს სხდომაზე აგარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა.
როგორც მურთაზ ცისკაძემ თქვა, აგარის მოსახლეობა წლებია ცენტრალური გზის მოწესრიგებას ითხოვს, თუმცა მისივე თქმით, საბიუჯეტო თანხების არასწორი გადანაწილების გამო, მოქალაქეთა საჭიროებები უგულებელყოფილი რჩება.
“აგარაში, სადაც მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და სადაც ყოველდღიურად ხუთასი ავტომობილი გადაადგილდება, გზა მოსაწესრიგებელია და ისეთ ადგილებზე დაიგო გზა, სადაც ხალხი საერთოდ არ დადის, არც ავტომობილები მოძრაობენ”, – აღნიშნა ცისკაძემ.
ოპოზიციონერი მაჟორიტარის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური გზის მოწესრიგებას აგარელებს უკვე ორი წელია პირდება.
“2 წელია გვპირდებიან, რომ აგარის ცენტრალური გზა მოწესრიგდება და ისევ ისეა გადათხრილი სკოლის მიმდებარედ ეს გზა. ხომ შეიძლება გამოინახოს ხარჯები და ორმოები მაინც ამოავსოთ”, – თქვა მურთაზ ცისკაძემ.
ცისკაძის კრიტიკის პასუხად, ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე, სხვა სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახსენებს და ამბობს, რომ თანხების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით ხდება.
“გზები დაგება ყველგან ხდება პრიორიტეტების მიხედვით. შენ რასაც იძახი, რომ სადაც მჭიდრო დასახლებაა, იქ დავაგოთ გზა და სადაც გლეხი ცხოვრობს, იქ – არა, ეს არასწორი მიდგომაა. მარტო აგარაზე რატო ლაპარაკობ, რატომ არ გაინტერესებს, რა ხდება სხვა სოფლებში, ატოცში, გვერძინეთში, მუხილეთში. იქ ხალხი არ ცხოვრობს, თუ რა საუბარი გაქვს”, – უთხრა ჯუმბერ შუბითიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს.
პრიორიტეტების ხსენებისას, ცისკაძემ ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებში აგარის წილზე გაამახვილა ყურადღება.
“როცა პრიორიტეტებს ადგენთ საჭიროა, ხალხის აზრიც რომ გაითვალისწინოთ და იკითხოთ. ყოველწლიურად აგარიდან ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა შედის, მილიონობით ლარზეა საუბარი. ბევრი საწარმოა აგარის ტერიტორიაზე, ბლოკის ცეხი, აგარის შაქრის ქარხანა და ფერმები”, – განაცხადა ცისკაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს აგარის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის შესახებ ინფორმაციები შეაგროვოს და გაასაჯაროოს, რადგან ფიქრობს, რომ ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების პირობებში, მიგრაციის საფრთხე გაიზრდება
“ჩვენ თუ აგარის მოსახლეობას არ შევუწყეთ ხელი, აგარიდანც გაიქცევა ხალხი და აღარც ის საწარმოები იმუშავებს. ყველა დოკუმენტს გამოვითხოვ და გავასაჯაროებ.”
ინფორმაციისთვის, აგარა ერთადერთი მაჟორიტარული ოლქია ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.