16 წლის ნატალი ბუზალაძე “Erasmus+”- ის მიერ დაფინანსებული პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა. ნატალიმ ქალაქ კლოძკაში, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად 7 დღე გაატარა.
ნატალისთვის პოლონეთში ყოფნისას ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური აქტიობა საქართელოზე მომზადებული პრეზენტაცია იყო, რა დროსაც მისი თქმით პასუხისმგებლობას და სიამაყეს ერთდროულად გრძნობდა.
“ჩემთვის ყველაზე საყვარელი აქტივობა იყო კულტურული გაცვლის საღამოები, როცა ყველა მონაწილეს საშუალება ჰქონდა საკუთარი ქვეყანა და კულტურა წარმოეჩინა და საბოლოოდ ყველას ერთმანეთში გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნების კულტურა. როდესაც ჩემი ჯერი მოვიდა, განსხვავებული შეგრძნება დამეუფლა და აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი პროცესი – საკუთარი ქვეყნის და უდიდესი კულტურის სრულიად უცხო ეროვნების ხალხისთვის წარდგენა. თავი ძალიან ამაყად ვიგრძენი და ის დიდი პასუხისმგებლობაც გავიაზრე, რაც ამ პროცესს ახლავს თან”.
ერთი კვირის განმავლობაში, ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობდა. ფიქრობს, რომ გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისთვის განვითარების კარგი შესაძლებლობაა.
“მაგალითად, ვიხილეთ ფილმები, რაც დაგვეხმარა უკეთ გაგვეანალიზებინა ის საკითხები და პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას დღესდღეობით ჩვენი საზოგადოება. მონაწილეობა მივიღე დებატებში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან, ასევე ერთ-ერთ ქალაქში ჩავატარეთ გამოკითხვა ადგილობრივებთან კომუნიკაციის მიზნით. ვითამაშეთ “City game”, რაც ძალიან შემეცნებითი იყო”
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა, ნატალი ადგილობრივ ახალგაზრდულ აქტივობებში აქტიურად მონაწილეობს. 13 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა სასკოლო პროგრამებში და ბანაკებში.
“სასკოლო განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გარდა სკოლისა, დაინტერესბული ვარ სხვადასხვა სფეროებით, აქტიურად ვარ ჩართული ისეთ პროექტებსა და პროგრამებში რომელიც არაფორმალურ განათლებას უზრუნველყოფს, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. გარდა ამისა ვმონაწილეობ მოხალისეობრივ აქტივობებებშიც’.
ნატალი ფიქრობს, რომ სკოლის გარეთ სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან მრავალმხრივ განვითარების საშუალებას იძლევა.
“მოსწავლეს საშუალება ეძლევა მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს, შეიძინოს ლიდერული უნარ-ჩვევები, განივითაროს ანალიტიკური აზროვნება, ისწავლოს სოციუმთან კომუნიკაცია და წარმოადგენდეს საზოგადოების, საკუთარი თემის აქტიურ წევრს. ამას გარდა, მსგავს პროექტებში მონაწილეობა ახალი ინტერესების აღმოჩენას და სამომავლო კარიერის სწორად დაგეგმვას უწყობს ხელს”.