ადამიანები ისტორიები

16 წლის თამარი, რომელმაც გოგონებისთვის საგანმანათლებლო კლუბი შექმნა

16 წლის თამარ თოდაძემ საგანმანათლებლო შინაარსის გოგონათა კლუბი შექმნა, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა ქალაქებიდან არიან გაწევრიანებულები.

ბრეთის მეურნეობის სკოლის მოსწავლეს კლუბის შექმნის იდეა “გლოუ ჯორჯიას” ბანაკში ყოფნისას გაუჩნდა. ადამიანის უფლებებზე გავლილი ტრენინგების შემდეგ, გადაწყვიტა “გლოუ კლუბი” ჩამოეყალიბებინა და ახალი ცოდნის მიღებაში სხვა გოგონებსაც დახმარებოდა.  ამ დროისთვის, კლუბს უკვე 20-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.

“2 თვის განმავლობაში 20-მდე პროექტი განვახორციელე – ტრენინგები, ესეების კონკურსი, გარემოს დაცვა, საქველმოქმედო – საკვების ბანკი და სხვ. შემდეგ გავხდი გლოუს ელჩი, ვიყავი კონფერენციაზე, სადაც ვისწავლეთ საგრანტო პროექტის წერა და ახლა ვაპირებ საგრანტო პროექტის დაწერას რომელიც ჩემი კლუბის განვითარებაში დამეხმარება”, – ამბობს თამარი

თამარი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და გაცვლით პროგრამებში. ამბობს, რომ არაფორმალურ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევს.

“აპრილის თვეში მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ბანაკში “Planet P(ositive)”, რომელიც ორგანიზებულია “Erasmus+”-ის პროექტის ფარგლებში. 500 აპლიკანტიდან 40-მა გაიარა გასაუბრება, მათგან კი 10 მონაწილე შეირჩა, სამოტივაციო წერილის და გამოცდილების საფუძველზე. ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ბელგიელი და ესპანელი მოსწავლეები. ბანაკის მიზანი ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაკავშირება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და გარემოსდაცვით საკითხებზე მონაწილეთა სენსიტიურობის გაზრდა იყო”.

თამარი თანატოლებს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ბევრ პროექტში იყვნენ ჩართულები.

“ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რომ ჩემმა თანატოლებმა მსგავს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, რადგან გარდა მიღებული ცოდნისა, ხდები უფრო მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული, უამრავ საინტერესო ადამიანს ეცნობი, იძენ ახალ უცხოელ და ადგილობრივ მეგობრებს, ეცნობით ერთმანეთის კულტურას, გადიხარ ენის პრაქტიკას, ვითარდება კომუნიკაციის უნარები, ხდები უფრო მეტად ტოლერანტული, იხვეწება საჯაროდ აზრის გამოხატვის ფორმა, ვითარდება კრიტიკული, სხარტი და შემოქმედებითი აზროვნება”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.