ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელად კლარა გელაშვილი დაინიშნა, რომელიც 20 წელი დიმიტრი ყიფიანის სახლ – მუზეუმში მუშაობდა და როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი მეორე ოჯახია, რომლის დატოვებაც გაუჭირდა.
“ჩემი მეორე ოჯახია, ჩემი ხელით შექმნილი ოჯახია, ჩემი სუნთქვით გამთბარი ყოველი წერილი, ყოველი კედელი”.
კლარა საკუთარი ისტორიის მოყოლას მე-10 კლასიდან იწყებს. ეს ის დროა, როდესაც 16-17 წლის გოგო უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებოდა და მისთვის ერთადერთი საფიქრალი უმაღლესი განათლების მიღება იყო.
“მე ძალიან აქტიური ახალგაზრდა ვიყავი, 9-10 წლის ასაკიდან ვწერდი ლექსებს, სკოლის პერიოდში ახალციხიდან დავდიოდი თბილისში სალონურ საღამოებზე და ამით ვსაზრდოობდი. ერთადერთი საფიქრალი სწავლა იყო. ვოცნებობდი, რომ უმაღლესში ჩამებარებინა, მაგრამ გამოცდებამდე ჩემმა ამჟამინდელმა მეუღლემ მომიტაცა და გამოცდებმა უჩემოდ ჩაიარა. გაგძელდა ჩემი ცხოვრება ქმართან და შემდგომში შვილებთან ერთად, თუმცა არასდროს შემიწყვიტავს ფიქრი იმაზე, რომ უნდა მესწავლა”.
კლარამ სტუდენტური ცხოვრება სამი შვილის დედამ, 34 წლის ასაკში დაიწყო. ფიქრობს, რაც ადამიანს გულით უნდა, აუცილებლად გამოუვა. ასე მოხდა მის ცხოვრებაშიც.
“1994 წელს ჩემი ინიციტივით ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაარსდა ლიტერატურული სალონი, სადაც პირველი სალონური შეხვედრა მომიწყვეს მე, მაშინ ვარ 32 წლის და ამ დროს მაქვს ბევრი ლექსი დაწერილი, თუმცა არა გამოქვეყნებული. წავიკითხე ჩემი ლექსები, რომელიც იყო ჩემს ცხოვრებაზე და ემოციებით ვტიროდი მთელი საღამოს განმავლობაში. ამ საღამოს მერე მეუღლემ მითხრა, რომ მე უნდა მესწავლა და განათლება მიმეღო. აუხდენელი ოცნება ამიხდა. რომ დავჯექი აუდიტორიაში, დავხუჭე თვალები და ვფიქრობ, ნეტა სიზმარში ხომ არ ვარ, მაგრამ არა, ეს ნამდვილად ასეა, მე სტუდენტი ვარ. სწავლა წითელ დიპლომზე დავამთავრე და მე რომ ბოლო კურსზე ვიყავი, ჩემი შვილი მაშინ სტუდენტი გახდა”.
კლარა 2003 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმში ფონდების მცველად მუშაობდა. ამბობს, რომ მუზეუმმა შესაძლებლობა მისცა პროფესიული ზრდის და განვითარების. სწორედ იქ მუშაობის დროს მან დოქტორანტურაში სწავლის გადაწყვეტილება მიიღო.
“ვიდრე თანამშრომლები დაგვემატებოდნენ, მუზეუმში ვიყავი მეცნიერმუშაკი, დამლაგებელი, ექსკურსიამძღოლი, ყველაფერი. აქ ჩავერთე სამეცნიერო საქმიანობაში, მსიამოვნებდა არქივში ჯდომა და წერა სამეცნირო ნაშრომებზე. ერთ – ერთ შეხვედრაზე აქ ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმა მითხრა, რომ მე ისევ უნდა გამეგრძელებინა სწავლა, სიმართლე გითხრათ ამაზე საუბარი სტუდენტობის დროსაც იყო, მაგრამ მაშინ ბაკალავრის დიპლომს დავჯერდი. 2017 წელს გადავწყვიტე დოქტორანტურაში ჩაბარება, სამი წელი ვისწავლე და პანდემიის პერიოდში, 57 წლის ასაკში დავიცავი ხარისხი. ამით მე იმ მე-10 კლასელ გოგოს ვუთხარი, არასოდეს დაყარო ფარხმალი, ყოველთვის იცოდე, რომ გვირაბის დაძლევის შანსი გაქვს, თუ კი შენ ამას მოინდომებ და ჩვენს ეს ორივემ ერთად დავამტკიცეთ”.
კლარას გამოცემული აქვს ლექსების 3 კრებული და პოემა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებაზე, მისი გარდაცვალება და შვილის მიერ მამის დატირება.