ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ხალების ხიდის აღდგენა აღარ მოხდება, რადგან იგი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ “მოზაიკას ხაშურის მერი ესაუბრა.
“ეს ხიდი არის ავარიულ მდგომარეობაში. რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ რომც ექვემდებარებოდეს, მდინარის დონე ისეა აწეული, შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია მოვახდინოთ”, – გვითხრა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
ხაშურის მერის თქმით, ხიდზე მოძრაობის აკრძალვის მიზნით, უწყებამ პოლიციას მიმართა.
“მოსახლეობის გაფრთხილება არაერთი გზით მოვახდინეთ. ბოლოს იძულებულები გავხდით, პოლიციისთვის მიგვემართა დამატებითი პრევენციისთვის”, – აღნიშნა ჩიტიაშვილმა.
ხაშურის მერის თქმით, ახალი ხიდის მშენებლობა ჯერჯერობით არ იგეგმება.
“ახალი ხიდის მშენებლობაა საჭირო, თუმცა ხაშურის მერიას ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვს, რადგნ მუნიციპალიტეტს სხვა მეტად მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. არის შემოვლითი გზა და სხვა ხიდი და იმით შეუძლიათ ისარგებლოს მოსახლეობას”, – თქვა ჩიტიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ხალების ხიდი ადმინისტრაციულ ცენტრთან ხუთ სოფელს აკავშირებს.