ახალი ამბები

“მირტყამდნენ და მაგინებდნენ” – ლექსო ვალიაური პოლიციას ძალადობაში ამხელს 

გორელი პოლიტიკოსი, ლექსო ვალიაური სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სამმა პოლიციელმა მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა. მან მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა. 

“19 აპრილს, გამთენიისაას 4-დან 5 საათამდე პერიოდში, ვბრუნდებოდი სახლში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს მომთხოვეს პირადობის წარდგენა. შევთავაზე რომ ვეტყოდი პირად ნომერს, სახელს, გვარს და მისამართს, ასევე ვუთხარი ტელეფონის ნომერიც. მიუხედავა ამისა, მათ მაინც დაჟინებით მოითხოვეს, რომ ჩემთვის უნდა გადაეღოთ ფოტო, რისი წინააღმდეგიც ვარ და ვფიქრობ არ არის სწორი, როცა იძულებით გვიღებენ ფოტოებს და სხვადასხვა ჩატში აგზავნიან. ეს არის ჩვენი უფლებების დარღვევა და ამიტომაც არ დავთანხმდი. ამის შემდეგ მათი მხრიდან წამოვიდა აგრესია, ძალით ჩამტენეს მანქანაში, წამართვეს მობილური, ჩამიტარეს უკანონო ჩხრეკა, მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მირტყავდენ მუშტებს და მუჯლუგუნებს, მაგინებდნენ უხამსი სიტყვებით”, – ამბობს ლექსო ვალიაური. 

მისი თქმით, მოძალადე პოლიციელებიდან მხოლოდ ერთ-ერთის სახელი და გვარი იცის, ის შსს-ს მისი და მასთან ერთად მყოფი სამართალდამცავების დასჯას სთხოვს. 

“ერთ-ერთ პოლიციელს რამდენჯერმე გავამეორებინე სახელი და გვარი. მან მითხრა, რომ არის თემურ ტაბატაძე, ვვარადუობ, რომ ეს პიროვნება არის კრიმინალური სამსახურის თანამშრომელი, გორის სამხარეო პოლიციაში. მე უკვე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – განაცხადა ვალიაურმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.