სტატიები

ენმ-ში კვლავ განხეთქილებაა – რა ხდება კასპის ორგაზიაციაში? 

კასპში კოსტავას ქუჩაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი ოფისი უახლოეს დღეებში გაიხსენება. უცნობია, რა ბედი ეწევა ძველ ოფისს და მის წარმომადგენლებს.

გიორგი შარიფაშვილი ამბობს, რომ ძველი ოფისიდან ინვენტარი წაიღეს. მისი აზრით, ეს ერთგვარი დასჯაა იმისთვის, რომ ის და მისი თანამოაზრეები პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს, ნიკა მელიას კანდიდატურას უჭერდნენ მხარს. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძვანელი კი ამბობს, რომ დაპირისპირება არ არსებობს და ახალი ოფისის კარი ყველასთვის ღიაა. 

“დაახლოებით 1 კვირის წინ ცენტრალური ოფისიდან მოვიდა ბატონი ზურაბ ოზგებაშვილი, რომელმაც განგვიცხადა, რომ ოფისის ინვენტარი უნდა წაეღო, ვინაიდან ის იყო პარტიის ბალანსზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა და პრეტენზია არ გამოგვითქვამს. ყველას გვახსოვს, აქ იყო აქტივისტების მისაღები ოთახი, სადაც განთავსებული იყო სავარძლები. ეს სავარძლები მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ ავტომობილზე აღარ დაეტიათ. სამუშაო ბანერები, დაფა წაიღეს, მაგიდა და სკამები, აბსოლუტურად მთლიანი მოწყობილობა იყო პარტიის ბალანსზე და წაიღეს”, – ამბობს გიორგი შარიფაშვილი. 

შარიფაშვილის თქმით, პარტიის არჩევნების შემდეგ, ის და მისი თანამოზარეები გამიჯნეს. 

“მომწონდა და ვიყავი ნიკა მელიას პოლიტიკის მომხრე. ეს არავისთვის არ ყოფილა დასამალი. არჩევნების შემდგომ მზად ვიყავით მათთან ერთად გვებრძოლა, თუმცა მათი მხრიდან ხდება გამიჯვნა. საერთოდ აღარ გვეკონტაქტებოდნენ. მოქმედი დეპუტატები ყრილობაზეც კი არ დაგვპატიჟეს”,- აცხადებს შარიფაშვილი. 

ენმ-ს რეგიონულ ორგანიზაციაში შარიფაშვლის მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირება არავისთან აქვთ. მათი თქმით, ძველი ოფისიდან ინვენტარი სამეურნეო სამსახურმა ჩამოსაწერად წაიღო.

“მას შემდეგ, რაც კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადადგა, პარტია დარჩა ხელმძღვანელის გარეშე. აქედან გამომდინარე, ძველი ოფისიც გაჩერდა. თავმჯომარის მოვალეობას ვითავსებ მე იქამდე, სანამ ახალი თავმჯდომარე არ იქნება არჩეული. უახლოეს დღეებში გაიმართება არჩევნები. კასპის ორგანიზაციას, ჩვენ აქტიურ თანამებრძოლებს ექნებათ ახალი ოფისი, ბევრად უკეთესი სამუშაო გარემოთი და აქედან გამომდინარე, ვინც თავს თვლის მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრად, ვეპატიჟებით. ოფისის კარი ღიაა. მელიას გუნდის წევრებს ვურჩევ, მორჩნენ წუწუნს, რადგან ეს ხელს უწყობს “ქართული ოცნების” გაძლიერებას. მოვიდნენ, ჩვენთან ერთად იშრომონ და იბრძოლონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიის კასპის ორგანიაზაციაში დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მომხრეები გაყვნენ.  

თანაგუნდელობიდან “ტურებად” მოხსენიებამდე – დაპირისპირება ენმ-ს წევრებს შორის

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.