კასპში მცხოვრებმა ნუკრი ჯანიაშვილმა ეზოში საკუთარი ხელით წყარო მოაწყო. მის ირგვლივ სხვადასხვა ფერის ვარდები აქვს გაშენებული, რომელიც გაზაფხულიდან დაზამთრებამდე ყვავილობენ.
ნუკრი პროფესიით მოქანდაკეა. ამბობს, რომ პროფესიით არასდროს უმუშავია, თუმცა სახლისთვის ბევრი ნივთი აქვს შექმნილი და ეს საქმე მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
“სხვადასხვა ფერის ვარდები მაქვს გაშენებული. რომ აყვავდება, მსგავს სილამაზეს აქ ვერ ნახავთ. ადგილობრივები მოდიან ხოლმე და სურათებს იღებენ. დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე შადრევნის გაკეთება, ქუთაისიდან ჩამოვიტანე ქვები. ორმაგი შადრევანია, შიგნით წითელი სინათლე დავამონტაჟე და საღამოს ისეთი ლამაზია, რომ დაიწყებს წყალი დინებას, ყველა ქვა სველდება”, – ამბობს ნუკრი.
ნუკრის სახლში დეკორატიული თევზები ჰყავს. თევზები დაახლოებით 20 წლის წინ მოაშენა. იხსენებს, რომ შვილის მეგობარმა ორი თევზი აჩუქა, მათი მოვლა, რომ შეძლებოდა, ინფორმაციის მიღება წიგნებიდან დაიწყო. ახლა ზუსტად იცის, რომელ თევზს როგორი მოვლა-პატრონობა სჭირდება.
“აკვარიუმის მოვლა არის ძალიან შრომატევადი საქმე, 3-4 საათს ვუნდები წყლის გამოცვლას, ყველა ქვას ადუღებულ წყალში ვრეცხავ. 20 წელია დეკორატიული თევზები მყავს, დაიხოცებიან, თავიდან ვამრავლებ და ასე. ეს თევზები დიდი ხნით ვერ ცოცხლობენ, ერთ ღამეშიც დახოცილა მთლიანი აკვარიუმი. ძალიან მიყვარს თევზები, ვკითხულობ წიგნებს, ვეცნობი ინფორმაციებს. პირველად, ჩემი შვილის ძმაკაცმა მაჩუქა ორი თევზი, რომელიც ქილაში მყავდნენ, მერე შემეცოდნენ და ვიყიდე პატარა აკვარიუმი”, – გვიყვება ნუკრი.
ნუკრი ამბობს, რომ თევზები დადებითად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე.
“ძალიან ამშვიდებს თევზი ადამიანს. მოვდივარ აკვარიუმთან ვჯდები და ვუყურებ. 15 -20 წუთი ასე ვარ და სულ სხვანაირი კაცი ვხდები. ადამიანის ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებენ. ძალიან საინტერესო წყლის ბინადრები არიან, როგორც ფუტკრებს ოჯახები აქვთ, თუ ახალ თევზს ჩავუსვამ რამდენიმე დღე არ იღებენ, კბენენ, შემდეგ უკვე ეგუებიან. იციან ცნობა, ვინც გინდათ, მიუახლოვდეს აკვარიუმს ახლოს არ მოვლენ. თუ მე მივედი, ერთ ადგილას მოქუჩდებიან ხოლმე”, – გვიყვება ნუკრი.