ყველაზე მეტად თვალების ხატვა მომწონს. ყველაზე დიდ დროს მათ დახატვას ვუთმობ, – ამბობს 20 წლის ახალგაზრდა მხატვარი ნინი ბალიაშვილი. მისი ნამუშევრები მინიმალისტურია, ხატავს გრაფიკას ან ფანქარში. ნინი მხატვრების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, ამიტომ ამ საქმის მიმართ სიყვარული პატარა ასაკიდან გაუჩნდა.
“ხელოვნებასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს. ოჯახში თითქმის ყველა ხატავს, აქედან გამომდინარე, ეს საქმიანობა ადრეული ასაკიდანვე დავიწყე. განსაკუთრებით დეიდაჩემის ნამუშევრები მომწონდა. მახსოვს როგორ ვაკვირდებოდი მის ნახატებსა და უშუალოდ ხატვის პროცესს, შემდეგ ვცდილობდი იგივენაირად მეც გამეკეთებინა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთგვარი ინსპირაცია ის იყო”, – გვიყვება ნინი.
ნინი ამბობს, რომ სკოლის პერიოდში ხატავდა პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ გრაფიკაში მუშაობამ და პორტრეტების ხატვამ გაიტაცა.
“ძალიან მომწონს ადამიანების გრძნობებზე და ემოციებზე დაკვირვება. ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც განსაკუთრებული ხასიათი, რომელიც სხვებისგან გამოარჩევს და განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, სწორედ ამ ისტორიის აღბეჭდვასა და გადმოცემას ვცდილობ ჩემს ნახატებში. როგორც აღვნიშნე მხატვრობას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ბევრი საყვარელი ადამიანი, ახლობელი ან ცნობილი მსახიობი და მომღერალი დამიხატავს”, – ამბობს ის.
ნინი აღნიშნავს, რომ საერთო სურათის შესაქმნელად თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ვცდილობ ნახატი მაქსიმალურად ზუსტი იყოს რეალურთან. სწორად დავიჭირო და არ დავკარგო ის ემოცია, რასაც კონკრეტულ ადამიანში ვხედავ, რასაც პიროვნება გადმოსცემს. ყოფილა შემთხვევა, როცა უბრალოდ ქუჩაში გამვლელს მიუქცევია ჩემი ყურადღება და მისი დახატვის სურვილი გამჩენია, რისი მიზეზიც შეიძლება მისი არასტანდარტული სილამაზე ან თუნდაც განსხვავებული სტილი ყოფილიყოს. ყველაზე მეტად თვალების ხატვა მომწონს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტ დროს მათ დახატვას ვუთმობ. სანამ უშუალოდ მუშაობის პროცესზე გადავალ, დიდხანს ვაკვირდები, რათა სრულად აღვიქვა ის ემოცია და გამოცდილება, რასაც ისინი ატარებენ და შემდეგ ისე გადმოვიტანო ფურცელზე”, – გვიყვება ნინი.
ნინი ქმნის სხვადასხვა ადამიანების პორტრეტებს, თუმცა ავტოპორტრეტი არასდროს შეუქმნია. ფიქრობს რომ ჯერ ამის დროს არ დამდგარა.
“ავტოპორტრეტი არასდროს დამიხატავს. მის შესაქმნელად რაღაც მჭირდება, ამას ალბათ ვერ ავხსნი. თითქოს საკუთარი თავის გაზრდილ ვერსიას ველოდები. პირადად ჩემთვის შავ-თეთრში მუშაობა მეტად სასიამოვნოა, ვიდრე ფერებით. ასეთი ნახატი, ჩემი აზრით, გაცილებით ღრმად და რეალურად გადმოსცემს იმ გრძნობებს, რის გამოთავისუბლებასაც ხატვისას ვცდილობთ. სამწუხაროდ, საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად ბევრი დრო არ მაქვს, თუმცა ვცდილობ, აღარ გავჩერდე და ყოველ ახალ ნამუშევარზე შესრულების დონე დავხვეწო”.
ნინი მუშაობს შეკვეთებზე. აპირებს მეტი დრო დაუთმობს მხატვრობას და ბევრი რეალისტური ნამუშევრები შექმნას.