ახალი ამბები

კასპის მერიასა და USAID-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კასპის მუნიციპალიტეტი და USAID-ის ,,ძლიერი სოფლის” პროგრამა პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რაც თემების მხარდაჭერას მთელი რეგიონის მასშტაბით ითვალისწინებს. 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და USAID-ის “ძლიერი სოფლის” პროგრამის ხელმძღვანელმა, დინა კარიჩმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც მუნიციპალიტეტსა და პროგრამას შორის თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს.

“რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მდებარე სოფლების გაძლიერებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ სრულიად საქართველოს სიძლიერეს. კონფლიქტების შედეგად, შიდა ქართლი და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე თემები საგრძნობლად დაზარალდა. USAID-ის სტრატეგიული ძალისხმევა, მათ შორის კასპის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას”, – ვკითხულობთ USAID-ის განცხადებაში. 

მემორანდუმი, USAID-ის ,,ძლიერი სოფლის” პროგრამასა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს მოიცავს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

პარტნიორობის ფარგლებში, USAID მხარს დაუჭერს კასპის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. აღნიშნული პარტნიორობა ინკლუზიური, მდგრადი და კერძო სექტორზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.