ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება, – ამ განცხადებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია.
“კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება”, – ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.