ავტორი: ნათია ირემაძე
დიდი ხანი არ არის, რაც ყვავილებით დავინტერესდი. პირველი პროფესიით მედდა ვარ, მაგრამ ამჟამად ფლორისტობამ გამიტაცა. როცა დავოჯახდი, რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე, სახლის ეზო გამელამაზებინა და ისე გამიტაცა ამ საქმემ, რომ ძალიან მსიამოვნებდა ეს პროცესი.
მერე მეზობელთან ოთახის იები დავინახე და ძალიან მომეწონა და მინდოდა, რომ მეც მქონოდა. ფოთლები ვთხოვე, რომ გამრავლება მეცადა. იმდენი გავამრავლე, რომ სახლში აღარ მეტეოდა და დავიწყე როგორც სახლიდან, ისე ინტერნეტით გაყიდვა. მომინდა ისეთი სათბური მქონოდა, სადაც სხვადასხვა სახეობის ოთახის ყვავილები მექნებოდა.
ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN- მა გამოაცხადა საგრანტო პროექტები და მეც დავწერე. მოვიპოვე გრანტი და ჩემი ოცნება რეალობად იქცა ევროკავშირის დახმარებით.
ახლა მაქვს სათბური, სადაც ვამრავლებ სხვადასხვა სახეობის ოთახის ყვავილებს. ასევე მაქვს იმხელა ფართი, რომ ეზოს ყვავილებსაც ვამრავლებ.ასევე სათბურში მაქვს ვარდები, რომლითაც თაიგულებს ვაწყობთ.
მყავს დასაქმებული ორი ქალი, რომლებიც თან პარალელურად სწავლობენ ყვავილების მოვლას სასათბურე მეურნეობაში. ვამაყობ, რომ წვლილი შემაქვს არამარტო ეკონომიკურად გაძლიერებაში, არამედ მაგალითიც რომ ვარ სხვა ახალგაზრდებისთვის და სტიმული, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება.
იმის გამო, რომ ხალხს უკეთ გავეცანით, ონლაინ გაყიდვების გარდა, გადავწყვიტე პროდუქციის პირადად რეალიზება. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს და არა მარტო მათ ვასწავლიდი ჩვენგან შეძენილი მცენარისთვის როგორ უნდა მოევლოთ და დღემდე გვაქვს კომუნიკაცია მათთან, ვისაც ჩვენი დახმარება ჭირდება. ჩვენთან მხოლოდ გაყიდვით არ მთავრდება მომხმარებელთან ურთიერთობა. მათ ვასწავლით, როგორ უნდა მოუარონ სწორად მცენარეს. რამდენიმე თვეა, რაც უკვე გორში ჩვენი ყვავილების სალონიც გვაქვს, ძალიან მინდოდა, უფრო კომფორტული ყოფილიყო ჩვენთან კომუნიკაცია.
როგორ მოვუაროთ ყვავილებს?
- თუ გაქვთ ოთახის ყვავილები და არ იცით როგორ მოუაროთ, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მცენარეს არ უყვარს გადამეტებული მორწყვა.
- როდესაც მცენარეს მორწყავთ, მაქსიმალურად უნდა აცადოთ მიწას გამოშრობა. სანამ არ გამოშრება კარგად, მანამ არ უნდა მოირწყოს, რადგან ფესვი არ დავულპოთ.
- ასევე, მცენარეებს უჩნდებათ სხვადასხვა მავნებლები და დროულად უნდა შევწამლოთ, რომ არ დააზიანონ.
- გადარგვის დროს აუცილებელი პირობაა, რომ ყვავილობის დრო არ იყოს. სჯობს, ყვავილობის დასრულების შემდეგ გადარგვა და თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ სხვა ქოთანში გადავიტანოთ, ეს უნდა იყოს მიწიანად, მთლიანად.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, თუ აქვთ საყვარელი საქმე, რაც სიამოვნებას ანიჭებთ და უნდათ, რომ უფრო მასშტაბურად აკეთონ და ბიზნესად აქციონ, ამისთვის ბევრი შესაძლებლობაა და ეს შანსები უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ.