ბლოგები

ასობით ბიზნესი რუსეთის მოქალაქეების სახელზე – რაზე უნდა ვიფიქროთ ამ დროს?

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მასიური შემოდინება ბოლო პერიოდში ყველასთვის თვალში საცემია.

იუსტიციის სამინისტროდან  გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ბოლო 8 თვეში  რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასამდე შენობა-ნაგებობა შეიძინა, მათ შორის 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა. გარდა ამისა, რუსეთის 11 ათასამდე მოქალაქე 14 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთის ოფიციალური მესაკუთრეა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა დაბრუნებას რუსი მდგმურებისგან, მისი მეპატრონეები დღემდე, სასამართლო დავებით ცდილობენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს ბინადრობის ნებართვა საქართველოში რუსეთის 3 297 მოქალაქემ მიიღო. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც კრემლის რეჟიმისგან გამოქცეულ და რეპრესირებულ ადამიანებს საქართველოს საზღვრიდან უკან აბრუნებენ,  მოსკოვი კი თბილისს საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის კარს უღებს.

გადაადგილების თავისუფლებას საქართველოსა და რუსეთის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირები ისედაც არ უჩივიან. რაც ბოლო წლებში საქართველოში რუსი ბიზნესის განვითარებითაც დასტურდება.

ცხრილი 1: რუსული მხარის მონაწილეობით საქართველოში ახლადრეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობა მითითებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა და წლების მიხედვით   (2023 წლის 1თებერვლის მდგომარეობით)

ამ რიცხვში შედიან შიდა ქართლში რეგისტრირებული სუბიექტებიც. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში 2019-2022 წლების პერიოდში, იურიდიული რეგისტრაციის მქონე გადამხდელთა შორის, 48 ინდ.მეწარმე რუსეთის მოქალაქეა. ხოლო 114 შემთხვევაში, კომპანიის  ერთი მეწილე მაინც, რუსეთის ფედერაციას წარმოადგენს.

ვინ და როგორ უწყებს ხელს მათ თავისუფლად ოპერირებას რეგიონში და რის სანაცვლოდ?

კითხვას მარტივად ვუპასუხებთ, როდესაც ამ სუბიექტებს ან/დ მათ ბიზნესპარტნიორებს პარტიათა შემომწირველების ან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულთა ნუსხაში აღმოვაჩენთ.  ფაქტია, რომ ისინი ხელისუფლებასთან აქტიურდ თანამშრომლობენ და „მწვანე შუქის“ მისაღებად მმართველი გუნდისთვის  წინასაარჩევნოდ, თანხებსაც არ იშურებენ.

ამავე თემაზე: რა კავშირი აქვს “გორი ინნ”-ს რუსეთთან, ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან?

მიუხედავად  გამოკვეთილი ვითარებისა, საზოგადოების ნაწილი ისევ ვერ აღიქვამს რეალურ საფრთხეებს და მანიპულაციურ ქმედებებში სხვა ადამიანების „ჩათრევასაც“ ცდილობს.

სოციალურ ქსელში ალბათ ბევრს შეგხვედრიათ მსგავსი კომენტარები, როდესაც მედია თუ არასამთავრობო სექტორი, კონკრეტულ თანამდებობის პირებს რუსულ ბიზნესთან კავშირში ამხელს:

„რამ გაგაბოროტათ, აშენებს ხომ არ ანგრევს“  „მაგ ადამიანმა 100-ობით უმუშევარი დაასაქმა“ „რომ არა რუსეთის ბაზარი შიმშილით დავიხოცებოდით“ და ა.შ.

ქართულმა ექსპორტმა რუსეთში 2022 წელს 75 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო პერიოდში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2014 წლიდან 2022 წლამდე რუსეთში  ექსპორტი საშუალოდ, 8 მილიონი დოლარითაა გაზრდილი  წელიწადში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთის ბაზრებზე შესაღწევად არასათანადო ხელშეწყობა აქვს ქვეყანაში და  ისევ ხელმისაწვდომ რუსულ ბაზარს ირჩევენ.

ექსპორტთან ერთად საქართველო იმპორტის მიმართულებითაც დამოკიდებულია რუსეთზე, მაგალითად, 2021 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 2022 წელს,  73.1%-ით გაიზარდა და ამ მხივ თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება (მითუმეთეს სანციების პირობებში) რომ საფრთხის შემცველია ეს  „უახლოესი წარსულის გაკვეთილიდანაც“  უნდა გვახსოვდეს. როდესაც 2006 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ემბარგო დაუწესა და შეწყვიტა ყოველგვარი საფოსტო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. დაარღვია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენცია, ასევე არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან ჰქონდა გაფორმებული.

ამიტომ არავინ იცის, როდის დატოვებს კრემლი „მშიერს“ მასზე დამოკიდებულ ქვეყანას და მის ხელისუფლებას, რომელსაც 7 წლიანი ემბარგოს მოხსნის შემდეგ, რუსულ ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს.

ბაზრების დივერსიფიცირება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა დღეს ქვეყნაში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს, თუმცა საპირისპირო რეალობას ვხედავთ:

  • რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდული უძრავი ქონება, კრემლისგან მხარდაჭერილ სუბიექტებზე რეგისტრირებული ბიზნესები და ყოველდღიური შიშის ქვეშ მყოფი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც ტერიტორიებს სისტემატურად ართმევენ.
  • საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. 2024 წელს, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას რუსეთიდან წამოსული და საქართველოს ახალი მობინადრე, მინიმუმ 3 297  მოქალაქეც მიიღებს, რომელთა უმრავლესობა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერია.
  • საქართველოში შეიარაღებული საომარი მოქმდებები არ არის, თუმცა აღნიშნული გარემოებები და სისტემატურად მზარდი 500 კმ-იანი საოკუპაციო ხაზი და მისი გადაკვეთისთვის 5000-მდე მოქალაქის დაკავება, ნამდვილად არ გვიჩენს მშვიდობისა და სტაბილურობის განცდას.

ამ ყველაფერზე საუბრით „ომი კი არ გვინდა“ არამედ, მსგავსი ფრაზების გამავრცელებლებს ხალხის მოტყუებაში ვამხელთ, რომლებიც საზოგადოების ყურადღების გადატანას და შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად, კონკრეტული ფაქტების გადაფარვისთვის ცდილობენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები