ქარელში ხათუნა საზანდრიშვილი სახის მოვლის საშუალებებს თითქმის 10 წელია ამზადებს. მკვებავი, გამწმენდი, დამატენიანებელი, მზისგან დამცავი, სახის საპონი, რძე, აკნეს ლოსიონი – ეს ის პროდუქტებია, რომელსაც კოსმეტოლოგი მომხმარებლებს სთავაზობს.
“პროფესიით ექიმ-კოსმეტოლოგი ვარ. ჩემი კრემები არის ერთ ფუძეზე დამზადებული, რომელიც მოიხმარება კომბინაციაში. გამწმენდი, ჭორფლის პიგმენტური ლაქების და პილინგისთვის. ამის შემდეგ აუცილებლად მკვებავი ღამის დამატენიანებელი და დილით დღის დამცავი, რომლის გარეშეც “ხათოს კრემს” აზრი დაეკარგება”, – გვიყვება კოსმეტოლოგი.
ხათუნა ახლა ემიგრაციაში იმყოფება, თავისი საქმე პატარა ასაკიდან ქალიშვილებს შეასწავლა. ამბობს, რომ ვიდრე დაბრუნდება, ისინი გააგრძელებენ პროდუქტის დამზადებას, თვითონ კი იტალიაში აპირებს სახის მოვლის საშუალებების გაყიდვას, რადგან მისი კრემების მომხმარებელი არაერთი ემიგრანტია.
“მე მანამდეც ვაგზავნიდი სხვადასხვა ქვეყნებში ჩემს კრემებს, მათ შორის იტალიაშიც. ახლაც აქ მაქვს ჩემი კრემები და პარალელურად ვყიდი. პროდუქტი გამოირჩევა იმით, რომ არის ბუნებრივ ეთერზეთებზე დამზადებული, შეიცავს ბევრ ჰიალურონს, კოლაგენს, რაც ჩვენს ორგანიზმს აკლია. ვებრძვით ნაოჭებს და შედეგი არის მაქსიმალურად მაღალი. მზადების პროცესში სულ ჩართულები მყავდნენ შვილები. ჩემი სურვილია, მომავალში გააგრძელონ ეს საქმე”.
ხათუნას ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, საქმეს სათავეში მისი გოგო, ინა ჩაუდგა.
ინა აკოფიანი პროფესიით მენეჯერია. გვიყვება, რომ დედის საქმიანობას პატარა ასაკიდან ადევნებს თვალს და კარგად იცის სხვადახვა პროდუქტის დამზადება. ამბობს, რომ დედის საქართველოში დაბრუნებამდე, “ხათოს კოსმეტიკის” მომხმარებლებს ის მოემსახურება. მისი თქმით, ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა.
“პირველად დავამზადე გამწმენდი. შემდეგ გავთამამდი და დედას ვუთხარი, როცა ღამის კრემს ამზადებდა, მე გავაკეთებ-მეთქი, ძალიან კარგი გამოვიდა. მახსოვს, დედამ ემოციები ვერ დამალა და მითხრა, მე მაჯობეო. ამ სფეროში ჩემ თავს ვხედავ-მეთქი, მოგატყუებთ, უბრალოდ დედის რეცეპტები ვიცი და ყველა პროცესს ვესწრებოდი წლების მანძილზე. არ მინდა ამდენი წლის ნაშრომი წყალში ჩაეყაროს ემიგრანტობის პერიოდში. დედა რომ დაბრუნდება საქართველოში, მინდა ისევ განაგრძოს თავის საქმე”, – გვიყვება ინა.
დედა-შვილის გეგმა და სურვილია, რომ მათი მცირე ბიზნესი არ გაჩერდეს. ამიტომ ინა უდიდეს შრომას დებს ამ საქმეში, ცდილობს კიდევ უფრო დახვეწოს ნაწარმის დაზადება, რათა დედის დაბრუნების შემდეგ, საერთო ბიზნესი გააფართოვონ.