ადამიანები ისტორიები

დიდებთან დიდი ვარ, პატარებთან – პატარა – ისტორიის 82 წლის მასწავლებლის ისტორია

82 წლის ომარ მურჯიკნელს სკოლაში მუშაობის 65 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ისტორიის მასწავლებელია და ამჟამად ბებნისის საჯარო სკოლაში მუშაობს.

წარმოშობით აგარიდანაა. პედაგოგიური საქმიანობაც მშობლიური სკოლიდან დაიყო.

“სულ ვიცოდი, რომ ისტორიკოსი ვიქნებოდი. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სკოლაში არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, ჯავახიშვილის მოსწავლე იყო და იმან კიდევ უფრო შემიწყო ხელი პროფესიის არჩევაში. არავინ არ დამხმარებია უნივერსიტეტში ჩასარიცხად, ძალიან კარგად ვსწავლობდი და დამიფასდა”, – გვიყვება ომარი.

ომარი 23 წელია ბებნისის სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ ეს სკოლა მისი მეორე სახლია და იქ მისვლა ყოველთვის განსაკუთრებულად უხარია.

“დღევანდელ დღემდე, ახალგაზრდებთან ვრჩები ახალგაზრდული და ასე დავრჩები. არ ვარ მკაცრი პედაგოგი, დიდებთან დიდი ვარ, პატარებთან პატარა. მოსწავლეებთან და სკოლასთან ურთიერთობა ესაა ჩემი მთელი ცხოვრება.  კარგი პედაგოგები გვყავს, მე მათი “ომარიკო” ვარ,  ჩემი ოჯახია, სადაც მისვლა მუდამ მიხარია”.

ომარი სერთიფიცირებული პედაგოგია. გამოცდებში უმაღლესი შედეგი აიღო.

“ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ახლანდელი თაობა ძალიან მომწონს, უფრო თავდაჯერებულები, თამამები და საკუთარი აზრის დამცველები არიან. არ ეშინიათ შეცდომის დაშვების; აქვთ გამბედაობა, რაც ჩემ და ჩემს შემდეგ თაობას ძალიან აკლდა. ბავშვები ძალიან რთულ შეკითხვებს მაძლევენ ხოლმე, უფრო სიღრმისეულად აინეტერესებთ სხვადასხვა საკითხები. ყველაზე მეტს დავითის ეპოქაზე მასაუბრებენ, იციან რომ დავითი ერთიანი საქართველოს უძლიერესი მეფე იყო”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.