ადამიანები ისტორიები

13 წლის ელენე, რომლის ნახატებიც “ქალები სამოქალაქო ცვლილებებისათვის” კონკურსზეა წარდგენილი

რასაც ვგრძნობ, იმას ვხატავ. შეიძლება იყოს სითბო, მზრუნველობა, შიში, ძალადობა, – გვიყვება 13 წლის ენენე ბრეგვაძე, რომლის ნამუშევრები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში “ქალები სამოქალაქო ცვლილებებისათვის” არის წარდგენილი.

ელენე ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას კონკურსზე სამი ნამუშევარი აქვს წარდგენილი.

“საკმაოდ ბერი ნამუშევარი მაქვს შექმნილი, დაახლოებით ასამდე. მათ შორის უმეტესობა გაჩუქებული მაქვს, არის ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს და ვერასოდეს მივცემ სხვას”, – ამბობს ელენე.

ელენე გვიყვება, რომ მხატვრობით ყოველთვის იყო დაინტერესებული, მაგრამ პანდემიის დროს, როდესაც დედა ამ საქმით აქტიურად დაკავდა, გადაწყვიტა თვითონაც მოესინჯა ძალები. მაშინ 11 წლის იყო.

“დედა ბავშვობიდან ხატავდა, თვითნასწავლია. მთელი ბავშვობა სურდა ხატვის წრეზე სიარული, მაგრამ იმ დროისათვის რაიონში მსგავსი წრე არ იყო. პანდემიის პერიოდში აქტიურად დაიწყო ხატვა და მეც დავინტერესდი. გადავწყვიტე ძალები მეც მომესინჯა ხატვის მიმართულებით. ვუყურებდი დედას ხატვის პროცესში, ვიხატავდი ნახატებს და მაშინ მივხვდი, რომ კარგად გამომდიოდა. შემდეგ დავიწყე სიარული ხატვის მასწავლებელთან”, – გვიყვება ელენე.

ელენე ხატვის სხვადახვა ტექნიკას იყენებს, მაგრამ უპირატესობას გრაფიკულ ნამუშევრებს ანიჭებს.

“სიამოვნებას მანიჭებს გრაფიკული ნახატების შექმნა, მაგრამ ვცდილობ, ყველა მიმართულებით ვხატო. მიყვარს ფანქარში ხატვა, თუმცა ვხატავ გუაშის, ზეთის და აკრილის საღებავებითაც. ვმუშაობ მშვიდ გარემოში, ყოფილა მომენტი, როცა 7 საათის განმავლობაში მიხატია. პროფესია უკვე ავირჩიე, ინტერიერის დიზაინერი მინდა ვიყო. გარკვეულწილად ჩემი უნარები გამომადგება ამ პროფესიაში”, – აღნიშნავს ელენე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.